კატარი 2022, ფერნანდუ სანტუში, გონსალო რამოში
Aa
Aa

„ერთმანეთისგან განსხვავდებიან“ - სანტუში რამოშსა და რონალდუზე

კატარი 2022-ის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარია 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით ფერნანდუ სანტუშის გუნდი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება.

გამარჯვების შემდეგ სანტუში პორტუგალიურ RTP-ს ესაუბრა: „ეს არ იყო სრულყოფილი თამაში, მაგრამ წარმატებული დღე იყო. ურთიერთდამოკიდებულება, კონცენტრაცია თამაშის ყოველ მომენტში, დიდებული ღამე იყო, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ეტაპი დავძლიეთ და 1/4-ფინალში გავედით“.

კითხვაზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გონსალო რამოში რატომ ითამაშა, ფერნანდუ სანტუშის პასუხი ასეთია: „მე ეს უკვე ავხსენი და იგივეს გამეორებას არ ვაპირებ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. თუ ვინ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. ჩვენ წლებია მეგობრები ვართ, რონალდუ სამაგალითო კაპიტანია“.

შეხვედრის დაწყებამდე ფერნანდუ სანტუში პორტუგალიურ Sport TV-ს ესაუბრა: „რონალდუ დასჯილი არაა, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც რამდენიმე დღე ვემზადებოდით. კრიშტიანუ სამაგალითო პროფესიონალია და თუ თამაშში ჩაერთვება, პორტუგალიის ნაკრებს ძალიან დაეხმარება“.

შეგახსენებთ, მატჩამდე Abola-მ გამოკითხვა ჩაატარა და თავის მკითხველს ჰკითხა, სურდათ თუ არა რონალდუს სასტარტოში ხილვა. კრიშტიანუს მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა დაუჭირა, დანარჩენის აზრით, ის დღეს ძირითადში გამოჩენას არ იმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ Abola-ს დღევანდელ ნომერში პორტუგალიის ნაკრებში არსებულ დაპირისპირებაზეც არის საუბარი. პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, სამხრეთ კორეასთან მომხდარის გამო, ფერნანდუ სანტუშსა და რონალდუს შორის მცირე დაძაბულობა შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. ამ აზრზეა O Jogo, რომელიც ამბობს, რომ „გამარჯვება საუკეთესო წამალია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოშის ჰეთ-თრიკი, პეპეს რეკორდი - პორტუგალიამ შვეიცარია გაანადგურა
რამოშის ჰეთ-თრიკი, პეპეს რეკორდი - პორტუგალიამ შვეიცარია გაანადგურა