რამოშის ჰეთ-თრიკი, პეპეს რეკორდი - პორტუგალიამ შვეიცარია გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალია შვეიცარიას დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა. ფერნანდუ სანტუშმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. მთავარმა მწვრთნელმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მის ნაცვლად შანსი გონსალო რამოშს მისცა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.
21 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალია დომინირებდა. 33-ე წუთზე სხვაობა ორამდე პეპემ გაზარდა, რომელიც მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გოლი გაიტანა. „პორტუს“ მცველმა ეს 39 წლის და 283 დღის ასაკში მოახერხა.
39 - Portugal defender Pepe is now the oldest ever player to score in a knockout stage game at the #FIFAWorldCup (39 years & 283 days old). Appetite. pic.twitter.com/jHpufdLLIF
— OptaJoe (@OptaJoe) December 6, 2022
მეორე ტაიმი კვლავ სანტუშის შეგირდების უპირატესობით დაიწყო და რამოშმა 51-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ზუსტად 4 წუთში გერეირომ გაისროლა და 4:0 დააფიქსირა. შვეიცარიამ პრესტიჟის გოლი 58-ე წუთზე გაიტანა. თავი აკანჯიმ გამოიჩინა.
67-ე წუთზე რამოშმა მესამედ გაიტანა. საბოლოო წერტილი კი ცვლილებაზე გამოსულმა რაფაელ ლეაომ 92-ე წუთზე დასვა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად, პენალტების სერიაში ესპანეთი გამოთიშა ასპარეზობას.