“100%-ით დავიხარჯეთ“ - ენრიკე მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. „ფურია როხა“ მუნდიალს ემშვიდობება. ლუის ენრიკეს შეგირდებმა პენალტების სერიაში წააგეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ენრიკე:
„ვფიქრობ, ფეხბურთი მშვენიერი სპორტია, მაგრამ შეტევის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ. მატჩის მიმდინარეობისას ბევრი რამის ათვისებას ვცდილობდით და გაცილებით მეტის გაკეთება გვინდოდა. ჯამში 11-ჯერ დავარტყით კარისკენ, მაგრამ ზუსტი მხოლოდ ერთი იყო. სარაბიამ ძელს გაარტყა. პენალტები წავაგეთ, მაგრამ ჩემი გუნდით ვამაყობ. ვწუხვარ იმათ გამო, ვინც კატარში ვერ ვათამაშე.
სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. პენალტის პირველი სამი დამრტყმელი მე ავირჩიე, დანარჩენი ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. სამწუხაროდ, მეოთხე თერთმეტმეტრიანამდე ვერ მივედით. ბონო ბრწყინვალე მეკარეა და დღეს შესანიშნავი იყო.
სამწუხაროდ, ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ, მაგრამ წავაგეთ. მაროკოს კი შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, ისინი ბოლომდე გვერდში გვედგნენ. ჩემს მომავალზე საუბრის დრო ახლა არ არის. ყველაზე მეტად ახლა სახლში წასვლა მინდა. დავისვენებ და ამ საკითხზე მომავალ კვირაში ვილაპარაკოთ.“
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი ამავე სცენარით გავარდა. ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ გაუჭირდა, ხოლო მერვედფინალში, მასპინძელ რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.