უცნაური ამბავი - გამოკითხულთა 70 პროცენტს არ სურს, რომ რონალდუ ძირითადში იყოს
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება. თბილისის დროით, 23:00-ზე, პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირებას ვიხილავთ და როგორც ჩანს, „სელესაოს“ ქომაგებს არ სურთ, კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს.
ცნობილმა პორტუგალიურმა გამოცემამ, Abola-მ გამოკითხვა ჩაატარა და თავის მკითხველს ჰკითხა, სურდათ თუ არა რონალდუს სასტარტოში ხილვა. კრიშტიანუს მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა დაუჭირა, დანარჩენის აზრით, ის დღეს ძირითადში გამოჩენას არ იმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ Abola-ს დღევანდელ ნომერში პორტუგალიის ნაკრებში არსებულ დაპირისპირებაზეც არის საუბარი. პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, სამხრეთ კორეასთან მომხდარის გამო, ფერნანდუ სანტუშსა და რონალდუს შორის მცირე დაძაბულობა შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. ამ აზრზეა O Jogo, რომელიც ამბობს, რომ „გამარჯვება საუკეთესო წამალია“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და შვეიცარიის წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში ესპანეთისა და მაროკოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.