სკანდალი ეტოოს გარშემო - ნაცემმა ქომაგმა განცხადება გააკეთა
დღეს, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ „ბარსელონას“, „ჩელსისა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტოო უცნობ ადამიანს ფიზიკურად უსწორდება. როგორც გაირკვა, დაზარალებული ალჟირელი ქომაგი ყოფილა და მან განცხადებაც გაავრცელა.
„სამუელ ეტოოსგან დარტყმა იმიტომ მივიღე, რომ მსაჯ გასამაზე ვკითხე და ვფიცავ, აქ პოპულარობის მოპოვების მცდელობას ან რაიმე სახის შანტაჟს ადგილი არ აქვს. მე მცემეს! გასამას საკითხი ბევრს აწუხებს, ეტოომ კი მითხრა: „თქვენ ზედმეტად სულელები ხართ, რათა გელაპარაკოთ“. მისი ცნობადობა გამამართლებელი მიზეზი არაა და მას არ აქვს უფლება, სხვა ადამიანს ფიზიკურად შეეხოს“.
ალჟირელი გულშემატკივრის მიერ ნახსენები ბაკარი გასამა კამერუნისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მთავარი არბიტრი გახლდათ. ის შეხვედრა კამერუნმა 2:1 მოიგო და ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული დაპირისპირების გადათამაშება „სკანდალური მსაჯობის“ გამო მოითხოვა. გასამას აქტიურად აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ მან უამრავი შეცდომა დაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ეტოოს ინციდენტი გუშინ, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მატჩის მოხდა. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნერვები ვერ მოთოკა და მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.