„უბრალოდ გოლი აღვნიშნეთ, მეტოქისადმი უპატივცემულობა არ ყოფილა“ - ტიტეს თავის მართლება მოუწია
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„სელესაოდან“ გოლები ვინისიუს ჯუნიორმა, ნეიმარმა, რიშარლისონმა და ლუკას პაკეტამ გაიტანეს. საგულისხმოა, რომ ყველა გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს, მეორე გოლის ეპიზოდში კი მათ ტიტეც შეუერთდა, რომელმაც ე.წ. „მტრედის ცეკვა“ შეასრულა.
ამის გამო, ბრაზილიელები არაერთმა ცნობილმა ფიგურამ გააკრიტიკა, მათ შორის როი კინმაც, რომელმაც ისინი მეტოქისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და თამაში ცნობილ სატელევიზიო შოუს - „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ შეადარა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განმარტების გაკეთება მოუწია.
რა თქვა ტიტემ:
ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ამას უპატივცემულობად აღიქვამენ. ფეხბურთელებს ვუთხარი ისე დავეფარე, რომ არ გამოვჩენილიყავი.
არ მინდოდა ამას რაიმე სხვა სახის ინტერპრეტაცია ჰქონოდა, გარდა გოლის აღნიშვნისა. არავის უპატივცემულობაზე არ მიფიქრია, განსაკუთრებით პაულო ბენტუსადმი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. სამწუხაროდ, დამალვა არ გამოგვივიდა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე ხორვატიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 1/8 ფინალში იაპონიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრა 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართბა.