რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: „ყველგან სახიფათო ვარ, ჩემი მიზანი საუკეთესოებთან ჩხუბია“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე MMA Underground-ს ესაუბრა. „კავკასიელმა“ ჯეკ ჰერმანსონთან გამართულ ჩხუბზე, სამომავლო გეგმებზე და მომდევნო მეტოქეზე ილაპარაკა.

ჰერმანსონთან ჩხუბზე თანხმობა

„როცა წინადადება მივიღე და მითხრეს, რომ ჰერმანსონს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა, დავთანხმდი და ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი. მაინტერესებდა, ის თუ იქნებოდა ჩემთვის მზად და მის პასუხს ველოდებოდით. არ ვიცოდი, ჰერმანსონი როგორი მებრძოლი იყო, რა სტილში ჩხუბობდა და როგორი ბრძოლები ჰქონდა გამართული. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ტოპ 15-ში იყო და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა თანხმობა მეთქვა“.

ჰერმანსონთან ჩხუბზე

„არ მიყვარს, როცა მებრძოლები ამბობენ, რომ წონის კლება გაუჭირდათ და ურთულესი პროცესის გავლა მოუწიათ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი დავიკელი. მენტალურად მზად ვიყავი, რომ უფრო მეტი დამეკლო, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს ორგანიზმს რა რეაქცია ექნებოდა. ვიცოდი, რომ ჯეკი კარდიოთი გამოირჩეოდა და არ მინდოდა, მთელი ძალები პირველ რაუნდში დამეხარჯა. ვერ ვხვდები, ხალხი რატომ ამბობს, რომ სტრაიკინგში ბევრით მაჯობა. მისგან საფრთხე საერთოდ ვერ ვიგრძენი და აქეთ-იქით დარბოდა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ თავის საქმეს აკეთებდა და იგებდა. ჩემს მომენტს ველოდებოდი და მთავარი იყო, ენერგია შემენარჩუნებინა. როცა მივხვდი, რომ ბოლომდე მზად ვიყავი, წნეხი განვახორციელე და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ყველგან ძალიან სახიფათო ვარ“.

ხამზატ ჩიმაევზე

„რატომ მინდა ხამზატთან ჩხუბი? პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ბრძოლას აზრი ექნება. ის კარგი მებრძოლია, ყოველთვის პატივს ვცემდი და ღირსეული პიროვნებაა. უმაღლეს დონეზე მოასპარეზე სპორტსმენები ვართ და არ მესმის მებრძოლების, რომლებიც მარტივ ჩხუბებს ეძებენ. აქ იმიტომ ვარ, რომ ნებისმიერთან ჩხუბს დავთანხმდე და ოქტაგონზე საუკეთესოების წინააღმდეგ გავიდე. ბოლოს მას წონის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, დივიზიონის შეცვლა კარგი ვარიანტია და ტოპ 15-ის წევრი მებრძოლი სჭირდება, მე კი ამისთვის მზად ვარ“.

სამომავლო გეგმებზე

„არ მინდა, კიდევ ერთხელ ვიჩხუბო ისე, რომ ბრძოლას მის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დავთანხმდე. ყოველთვის მზად ვარ და UFC-სთვის უარის თქმა არ მიყვარს. უარს არასდროს ვამბობ და შესაძლოა, ეს პრობლემაც იყოს. იმედი მაქვს, საინტერესო ჩხუბს მომცემენ და ვფიქრობ, მეინ ივენთისთვისაც მზად ვარ. მინდა, პოსტერებს ხელი მოვაწერო და ნებისმიერს ვეჩხუბები, ვისაც შემომთავაზებენ“.

შეგახსენებთ, რომ რომანმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯამში კი ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა და მეთორმეტედ იმარჯვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-სგან ბონუსი ზედიზედ მესამედ მიიღო და იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ სვლას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში არ უნდა დაეტოვებინა - იანისმა მამუს სათამაშო სახლში წაიღო
გასახდელში არ უნდა დაეტოვებინა - იანისმა მამუს სათამაშო სახლში წაიღო