ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება რიო ფერდინანდმა დააფიქსირა და საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
რა თქვა ფერდინანდმა?
„ინგლისი ეთამაშება ნაკრებს, რომელსაც 5 სუპერვარსკვლავი აკლია და წინ 36 წლის თავდამსხმელი ჰყავს. საფრანგეთს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც გუნდი ინგლისი უკეთესია, თუმცა „მამლებს“ კილიან მბაპე ჰყავთ, რომელიც დიდ განსხვავებას ქმნის. მიუხედავად ამისა, „სამი ლომის“ ბირთვი უკეთესია.
ინგლისს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კვირიდან კვირამდე ვითარდებიან. საუთგეიტმა შესანიშნავი კოლექტივი შეადგინა. ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია.“
შეგახსენებთ, რომ „სამმა ლომმა“ მერვედფინალში სენეგალი 3:0 დაამარცხა. გოლები ჰენდერსონმა, კეინმა და საკამ გაიტანეს. ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება 10 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.