მორატა: „თუ მუნდიალს მოვიგებ, მბაპეს ოქროს ბუცს ველოსიპედით ჩავუტან“
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ ესპანურ მედიასთან მიმდინარე მუნდიალსა და გამორჩეულ მოთამაშეებზე ისაუბრა.
კითხვაზე გაცვლიდა თუ არა მუნდიალის ოქროს ბუცს მსოფლიოს ჩემპიონობაში, მორატას პასუხი ასეთია: „თუ ესპანეთი მოიგებს მსოფლიო თასს, ოქროს ბუცს კილიან მბაპეს საფრანგეთში ველოსიპედით ჩავუტან“.
შეგახსენებთ, მუნდიალის ოქროს ბუცს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი მიიღებს.
ალვარო მორატამ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა:“
„ჩემი თაობიდან ნებისმიერს რომ ჰკითხოთ მესისა და რონალდუს შესახებ, იტყვიან, რომ გასაოცარი მოთამაშეები არიან. ასევე, მე პერსონალურად მომწონს ნეიმარი, რადგან მისი თამაშის ყურებით სიამოვნებას იღებ.
პირადად მე ბედნიერი ვიქნები თუ კრიშტიანუ მსოფლიო თასს მოიგებს, რადგან მას საოცარი კარიერა ჰქონდა და არ ვიქნები დამწუხრებული, თუ იგივეს მესი ან ნეიმარი შეძლებენ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ისინი გამარჯვებას ჩვენ მოგვილოცავენ. იმედი მაქვს, თუ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ შევხვდები, მათთვის ცუდი დღე იქნება“,
მორატამ ყოფილ მწვრთნელებზეც ისაუბრა: „ვმუშაობდი ზიდანთან, ანჩელოტისთან, მოურინიოსთან, ალეგრისთან, კონტესთან, დელ ბოსკესთან, ლოპეტეგისთან, ლუის ენრიგესთან, სიმეონესთან... სიმართლეა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა არ მსურს, თუმცა მათგან ბევრი რამ ვისწავლე“.
მუნდიალის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე მაროკოა. მათი დაპირისპირება 6 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.