Corriere dello Sport:„სკუდეტოსკენ სწრაფვა კვარასა და ოსიმენზეა დამოკიდებული“
Corriere dello Sport-მა „ნაპოლის“ შემტევების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ მთავარი ფიგურები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იქნებიან.
„სეზონის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი და შესაძლოა იმედიც, მაგრამ რამდენიმე თვეში გატანილი 18 გოლის შემდეგ ისტორია ძალიან სერიოზული გახდა: „ოსი და კვარა მზად არიან, რომ მთავარ გვერდზე დაბრუნდნენ.
ოსიმენი და კვარაცხელია მზად არიან, რომ კვლავ ირბინონ, განახორციელონ დრიბლინგები, გაიტანონ გოლები, რაც სეზონის პირველ ნახევარში შეძლეს. ტრავმების გამო ოსიმენი და კვარაცხელია ერთად ყოველთის არ იყვნენ მოედანზე. ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში „ნაპოლიმ“ საერთო ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, ოსიმენი და კვარაცხელია ერთად მოედანზე მხოლოდ 11 შეხვედრაში იყვნენ.
სკუდეტოსკენ სწრაფვა ოსიმენსა და კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. კლუბის თითოეულ ქომაგს მათი სჯერა. ეს ამბავია ორი პარალელური სამყაროს შესახებ, რომლებიც ხვდებიან ოცნებების კარიბჭესთან და ამ კარიბჭის სახელია სკუდეტო. თქვენ გაქვთ გასაღები, ეს არის ოსიმენისა და კვარაცხელიას „ნაპოლი“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.