„ნოიერი ჩემი კერპი იყო, აღმაფრთოვანებდა“ - მამარდა ვალენსიაში ტიტულს უმიზნებს
„ვალენსიას“ გულშემატკივართა ვებგვერდმა Batzine-მა გიორგი მამარდაშვილთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოკლე და ლაკონური პასუხები, „ღამურებთან“ ერთად ტიტულის მოგების სურვილს გამოხატავს. ასევე, იხსენებს ბავშვობას, როცა მისი სამაგალითო მეკარე და კერპი გერმანელი მანუელ ნოიერი იყო.
ჯანლუიჯი დონარუმასთან შედარებები
„ცხადია, დიდებულია მასთან შედარება, მაგრამ მან ამ ასაკისთვის ბევრს მიაღწია. მის პროგრესს ყოველთვის თვალს ვადევნებდი, ის მაგალითად გამოვიყენე, რომ განვითარება არ შემეწყვიტა და გამეგრძელებინა“.
მანუელ ნოიერი, მისი კერპი
„როცა ვიზრდებოდი, ჩემი კერპი მანუელ ნოიერი იყო. ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო, აღმაფრთოვანებდა და ვცდილობდი, რომ მისი მოქმედებები შემესრულებინა. მას უდიდეს პატივს ვცემ“.
თამაშის სტილის ცვლილება გატუზოსთან ერთად
„ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და ოდნავ განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ ვპროგრესირებთ“.
მას „ვალენსიაში“ ტიტულის მოგება სურს
„გასული სეზონი ჩემთვის საოცარი იყო, რადგან ლა ლიგაში 21 წლის ასაკში ვითამაშე. შემდეგ ესპანეთის თასის ფინალში ვითამაშეთ, სადაც დავმარცხდით, მაგრამ ეს ნორმალურია. „ვალენსიასთან“ ერთად ტიტულის მოგება მსურს“.
22 წლის გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულიდან „ვალენსიასთვის“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 14 მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.