ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

55-ქულიანი შოუ დევისისგან - ლეიკერსი მაგრად თამაშობს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. „პორტლენდისა“ და „მილუოკი ბაქსის“ დამარცხების შემდეგ, „ლეიკერსი“ „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და ბოლო 10 შეხვედრიდან მე-8 მოიგო - 130:119.

„ლეიკერსის“ 130-ქულიანი შოუს მთავარი გმირი ენტონი დევისი გახლდათ. ამ უკანასკნელმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და აქტივში 55 ქულა, 17 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა. „ეიდი“ 1969 წლის შემდეგ, „ლეიკერსის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 50 ქულა და 15 მოხსნა ისე დააგროვა, რომ პარკეტიდან 70 პროცენტით შეუტია. ბოლო 60 წლის განმავლობაში, 50-ქულიანი და 15-მოხსნიანი მატჩი „ლეიკერსის“ რიგებში მხოლოდ შაკილ ონილსა და უილტ ჩემბერლენს ჰქონიათ. საინტერესოა ისიც, რომ დევისი „ლეიკერსის" პირველი კალათბურთელია კობი ბრაიანტის შემდეგ, რომელმაც მინიმუმ 40 ქულა ზედიზედ ორ შეხვედრაში დააგროვა.

დევისის გარდა, ლებრონ ჯეიმსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლონი უოკერს 20 ქულა ჰქონდა, რასელ უესტბრუკმა კი 6 ქულა, 7 მოხსნა და 15 ასისტი დააგროვა. „ვაშინგტონის“ მხრიდან 27 ქულით კრისტაპს პორზინგისი გამოირჩა, კაილ კუზმამ 26 ქულა გააკეთა, ხოლო გაფორდისა და კისპერტის ანგარიშზე 19 და 16 ქულა იყო.

ამრიგად, „ლეიკერსს“ 10 მოგება და 12 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავს და „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები