„შესვენებაზე თამაშში რაღაცის შეცვლა მოგვიწია“ - დეშამი მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში პოლონეთს 3:1 მოუგო. ჟირუსა და მბაპეს გოლებით „მამლები“ 1/4-ფინალში არიან და თავიანთ მეტოქეს ელიან, რომელიც ინგლისი ან სენეგალი იქნება.
შეხვედრის შემდეგ პრესასთან დეშამმა, რაბიომ და კუნდემ ისაუბრეს:
დიდიე დეშამი:
„იოლი მატჩი არ იყო, პოლონეთის ნაკრები კარგად იყო ორგანიზებული და მზად იყო ჩვენთვის იმედი გაეცრუებინა.
შესვენებაზე თამაშში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიწია, რის შემდეგაც უპირატესობა მივიღეთ.
მბაპეს ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ჩვენთვის ეს კარგია. დასაწყისიდანვე სოლიდური გუნდი ვართ და კარგ შედეგსაც ვიღებთ“,
- განუცხადა დეშამმა TF1-ს.
ადრიენ რაბიო:
„მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად ვართ. პირველ ტაიმში კარში ნაკლები დარტყმა გვქონდა, მაგრამ ჟირუს გოლმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანა. მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. თამაშზე კონტროლი დავაწესეთ, ჩვენ ეს მომავალშიც უნდა გავაკეთოთ, რადგან ყველა რგოლში კარგად გამოვიყურებით“.
ჟიულ კუნდე:
„დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და რთული იყო. პოლონეთს თავდაჯერებულობის მოპოვების საშუალება მივეცით, მაგრამ ვიცოდით, როგორ უნდა მიგვეყენებინა მეტოქისთვის ზიანი მნიშვნელოვან მომენტებში. პოლონელებიც უშვებდნენ შეცდომებს, როცა ჩვენ პრესინგს ვახორციელებდით. პრესინგი - ეს იყო ნამდვილად მთავარი რამ“.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს, რაც „მამლების“ ისტორიაში პირველად ხდება. სამივე შემთხვევაში ნაკრებმა ეს დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით შეძლო.