დოლიძის ბრწყინვალე ნოკაუტი - ჰერმანსონი არ დაინდო და ჩიმაევი გამოიწვია
UFC-ში საშუალო წონაში რომან დოლიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მან ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა, რომელიც რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ქართველი მებრძოლი საშუალო წონის დივიზიონში TOP 10-ში შევა.
პირველ რაუნდში მცირე უპირატესობა ნორვეგიელს ჰქონდა, თუმცა მეორე რაუნდში დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, ქართველი მებრძოლის დარტყმების სიხშირემ და სიძლიერემ სკანდინავიელს შანსი არ დაუტოვა. დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
რომან დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. რომანმა ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს ტრევინ ჯაილსთან დათმო.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემდეგ რომან დოლიძემ ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია: "პარტერში ჩემმმა მოქმედებამ გაგაოცათ? მე გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, თუმა მეტოქეების ნოკაუტში გაშვებაც მშვენივრად გამომდის.
უდიდესი პატივისცემა ხამზატ ჩიმაევის მიმართ, მსურს მას შევხვდე. მე ხომ ტოპ 10-ში ვიქნები. მე მზად ვარ, თუ ჰამზატს სურვილი ექნება, სიამოვნებით ვეჩხუბები“.
UFC-ში რომან დოლიძემ ნოკაუტით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.