„ჩიტივით თავისუფალი ვარ“ - რა უთხრა რონალდუმ პირს მორგანს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა მისი და კრიშტიანუ რონალდუს მიმოწერა გაასაჯაროვა. მორგანის მიხედვით, აღნიშნული მიმოწერა მას შემდეგ შედგა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რონალდუს წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.
„რონალდუს ფილმ „მამაცი გულიდან“ უილიამ უოლასის გიფი გავუგზავნე, რომელშიც ის სიტყვა „თავისუფლება“-ს ყვირის. მან ჩათვალა, რომ ეს მის შეგრძნებებს იდეალურად ასახავდა, კრიშტიანუს პასუხი კი ასეთი იყო: „ჩიტივით თავისუფალი ვარ“.
სხვათა შორის, პირს მორგანმა ისიც განაცხადა, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. ბრიტანელი ჟურნალისტის მიხედვით, კრიშტიანუს იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ასპარეზობა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოთამაშე გუნდის ყურადღების მიპყრობაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ Marca-ს ცნობით, რონალდუ საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. კრიშტიანუს საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ნასრს“ სურს. კლუბი მზადაა, მას ასტრონომიული კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც, რონალდუ ყოველწლიურად, 200 მილიონ ევროს მიიღებს. ოღონდ, ამ თანხაში სარეკლამო შეთანხმებებიცაა გათვალისწინებული.