ნეიმარი
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებში შიშობენ, რომ შესაძლოა, ნეიმარმა მსოფლიოზე ვეღარ ითამაშოს

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა, მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩეს. O Jogo-ს ინფორმაციით, „სელესაოში“ შიშობენ, რომ არის შანსი, ნეიმარმა მიმდინარე მუნდიალზე ვეღარ ითამაშოს.

ბრაზილიის ეროვნულ გუნდში არის ვარაუდი, რომ შეიძლება, „ნეის“ ტრავმა უფრო მძიმე იყოს, ვიდრე პირველადი შეფასებით გამოჩნდა. O Jogo-ს ცნობით, შესაძლოა, „სელესაოს“ სუპერვარსკვლავმა იოგი დაიზიანა და მოედანზე გასვლა ვეღარ შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა სერბეთთან მატჩი მიიღო და მას კოჭი აწუხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემ განაცხადა, რომ „ნეი“ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებდა, თუმცა როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ნეიმარმა პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„სიამაყისა და სიყვარულის შეგრძნება, რომელიც ამ მაისურის მორგებისას მეუფლება, აუხსნელია. ღმერთს ჩემთვის სამშობლოს არჩევის საშუალება რომ მოეცა, აუცილებლად ბრაზილიას ავირჩევდი. ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერი ყოფილა და ყოველთვის მიწევდა, ოცნებებისთვის და მიზნებისთვის მებრძოლა. სიბოროტე არავისთვის მისურვებია და ვეხმარებოდი მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. და ეს ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე ხდება. დიახ, ტრავმა მაქვს და ეს მტკივნეული და მძიმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაბრუნების შანსი მექნება, რადგან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს ქვეყანას, თანაგუნდელებსა და საკუთარ თავს დავეხმარო. ველოდო როდის გამიმკლავდება მტერი? არასდროს! მე უფლის შვილი ვარ და ჩემი რწმენა არსად გაქრება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები