„სასაცილო გადაწყვეტილება იყო“ - კრის სატონმა მესის პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა
„სელტიკის“, „ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ლიონელ მესი გააკრიტიკა. ინგლისელმა მოთამაშემ პოლონეთთან გამართული მატჩის პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა.
„მესი მინდორზე გაცილებით მეტხანს იწვა, ვიდრე საჭირო იყო, იმ მომენტში პენალტის დანიშვნა კი აბსოლუტურად სასაცილო გადაწყვეტილება გახლდათ. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ჯერ არ დააფიქსირა, შემდეგ კი VAR-ის მონიტორთან მივიდა და გადაწყვეტილება შეცვალა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს არბიტრები სუპერვარსკვლავებს პენალტებს ჩუქნიან. არის შანსი, რომ მათ ეშინიათ იმ გამოხმაურების, რომელიც შეიძლება მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს მოჰყვეს. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ რონალდუსა და მესის მომენტებში არც თუ ისე მყარი გადაწყვეტილება მიიღეს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სატონმა რონალდუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს. მისი თქმით, განასთან პენალტი არ ყოფილა და რონალდუმ სიმულაციას მიმართა. სატონის მიხედვით, კრიშტიანუ მხოლოდ კრიშტიანუზე ფიქრობს და მას გუნდი არ აინტერესებს.