„ზურგის ტკივილმა გაიარა“ - ნაპოლის ექიმმა კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 1-თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და გუშინ, საწვრთნელ პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფეხბურთელი ახლა „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთში იმყოფება და ამხანაგური შეხვედრებისთვის სრულფასოვნად ემზადება.
ხვიჩას მდგომარეობის შესახებ Corriere dello Sport-თან „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა.
რა თქვა ექიმმა:
კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გადაიარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიღებული დაზიანებისგან. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შემადგენლობაში „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ არ უთამაშია. ქართველ ფეხბურთელს ზურგის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“ მატჩები გამოტოვა.
„ნაპოლი“ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სერია A-ში პირველ შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.