“კონდიცირების სისტემა გვაავადებს“ - ანტონი უკმაყოფილოა
როგორც მოგეხსენებათ, კატარში ახლა საკმაოდ ცხელა. ცნობილი იყო ისიც, რომ სიცხისგან თავის დასაცავად სტადიონებზე სპეციალური საკმაოდ დიდი კონდიციონერები დამონტაჟდა.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ანტონი ამტკიცებს, რომ აღნიშნული კონდიცირების სისტემა ფეხბურთელებს აავადებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა ავადმყოფობის გამო ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა და ამ ყველაფერს სტადიონზე დამონტაჟებულ კონდიციონერებს უკავშირებს.
რა თქვა ანტონიმ?
„ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ცუდად გავხდი. ეს ცოტა რთული იყო, რადგან ყელი ამტკივდა და ცუდი განცდა დამეუფლა. ახლა გამოვჯანმრთელდი, მაგრამ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ეს პრობლემა მარტო მე არ შემექმნა. სხვა ფეხბურთელებიც ცუდად გახდნენ.
მიუხედავად ამისა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიის ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ. ასევე, ყველა ფეხბურთელი ახლა გამოჯანმრთელებულია.“
ცნობისთვის, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტონი მეორე ტურში შვეიცარიის წინააღმდეგ 73-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში. რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, „სელესაომ“ ჯერ სერბეთი 2:0, ხოლო შემდეგ შვეიცარია 1:0 დაამარცხა. ბოლო ტურში კი კამერუნს დაუპირისპირდება.