იტალიური პრესა: „ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და ხვალ გუნდთან ერთად იქნება“
იტალიურ პრესაში ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ დაწერა, რომ „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, წელის ტკივილი აღარ აწუხებს და გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება.
Calciomercato-სა და Sky Sport Italia-ს მიხედვით, ხვალ, „კვარა“ „პარტენოპეის“ საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდება და შემდეგ გუნდთან ერთად, თურქეთში გაფრინდება, რათა მოსამზადებელი პერიოდი გაიაროს. მას აღარაფერი აწუხებს და სათამაშოდ მზადაა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ თურქეთში მზადებას 1-ელ დეკემბერს დაიწყებს და 13-ში დაასრულებს. „პარტენოპეის“ ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი კვლავ ნეაპოლში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის და საშინაო კედლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩით განაახლებს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხებათ, მათი ჩატარების ზუსტი თარიღი მალე გაირკვევა.