გიუნდოგანი: “პოლიტიკის დრო დასრულდა, საქმე მხოლოდ ფეხბურთს ეხება“
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს. მაგალითად, ფეხბურთელები One Love სამკლავურს ვერ იკეთებენ. ამ ფაქტმა კი დიდი პროტესტი გამოიწვია.
ამ გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად გერმანიის ნაკრები აკრიტიკებს. მეტიც, იაპონიასთან მატჩის წინ, გუნდმა პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართა. ფეხბურთელებმა სურათის გადაღების დროს პირზე ხელი აიფარეს.
განსხვავებული სიტუაცია ვიხილეთ ესპანეთთან მატჩის წინ. ბუნდეს ნაკრებმა არაფერი აღარ გააპროტესტა. ამის მიზეზზე კი ილქაი გიუნდოგანმა ისაუბრა.
რა თქვა გიუნდოგანმა?
„ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ფიფა-ზე გაბრაზდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ LGBTQ+ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერისთვის გარკვეული გეგმები ჰქონდათ. FIFA-ს გადაწყვეტილება გუნდურად გავაპროტესტეთ. ვფიქრობ, ახლა პოლიტიკური გამოსვლების დრო დასრულდა. ახლა საქმე მხოლოდ ფეხბურთს ეხება. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ და სიამოვნება მივიღოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ეს არის.“
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მძიმე ვითარებაშია. 2 ტურის შემდეგ, ფლიკის გუნდს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში ბუნდეს ნაკრები კოსტა რიკას ხვდება და გამარჯვება სასიცოცხლოდ სჭირდება.