5-გოლიანი დრამა - განამ სამხრეთ კორეა მაინც დაამარცხა
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, H ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სამხრეთ კორეა და განა დაუპირისპირდნენ.
Education City Stadium-ზე გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა, რომელშიც განელებმა დრამატულ ბრძოლაში, 2:3 გაიმარჯვეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.
აფრიკელმა ფეხბურთელებმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ნახევარი ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩაატარეს. პირველ 45 წუთში განის ნაკრებმა მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანა და შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.
კორეელთა კარში ანგარიში 24-ე წუთზე საისუმ გახსნა.
34-ე წუთზე კი კუდუსმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა.
ერთი შეხედვით, განელებს შეხვედრა გამარჯვებამდე წყნარად უნდა მიეყვანათ, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე რადიკალურად სახეცვლილი კორეა ვიხილეთ. პაულუ ბენტუს გუნდი ტაიმის სტარტზევე დაეუფლა სათამაშო უპირატესობას და მალევე, ეს უპირატესობა გატანილ გოლებშიც გარდაისახა.
58-ე წუთზე ჩო გუე-სუნგმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად სამ წუთში კი მეტოქის კარში მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
განელმა ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი რეალური მომენტი შექმნეს, რომელიც გოლით დასრულდა და სწორედ ამ გოლით შეძლეს გამარჯვების მოპოვება. 68-ე წუთზე კუდუსმა სამხრეთ კორეელთა კარში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი ისევ წინ გაიყვანა.
დარჩენილ დროში კორეელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყეს და გოლის გატანის არაერთი შანსიც შექმნეს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს განელთა მეკარის, ატი-ზიგის დამაჯერებელი თამაში, რომელმაც მეტოქის რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
2 ტურის შემდეგ განის ნაკრები 3 ქულით დროებით მე-2 პოზიციაზე აღზევდა, სამხრეთ კორეა კი 1 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ამავე ჯგუფში მეორე შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.