„გვაპატიე და არ წახვიდე“ - 15 წლის ენცო ფერნანდესის ემოციური წერილი მესის
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, არგენტინის ნაკრებმა მექსიკას 2:0 მოუგო და მეორე ბურთი ენცო ფერნანდესმა შეაგდო. 21 წლის არგენტინელის გოლის შემდეგ, მის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული პოსტი გავრცელდა, რომელიც ლიონელ მესის უკავშირდება. ეს ის პერიოდია, როცა „ლა პულგამ“ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა (2 თვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა) და 15 წლის ენცომ თავის გმირს ემოციური წერილი მისწერა.
„როგორ დაგარწმუნებთ? თუ საშინლად გამოვიყურებით. როგორ დაგარწმუნებთ? თუ 1 პროცენტიც კი არ განგვიცდია იმ წნეხის, რომელიც მხრებზე გაწევს. დილით იღვიძებ, სარკეში იხედები და იცი, რომ 40 მილიონ ადამიანს უნდა, იდეალურად იმოქმედო. უფრო მეტიც, ისინი ამას მოითხოვენ.
როგორ დაგარწმუნებთ? თუ არ გვესმის, რომ უბრალო ადამიანი ხარ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და პიროვნება შეუდარებელი ტალანტით, მაგრამ მაინც უბრალო ადამიანი. როგორ დაგარწმუნებთ? თუ არ შევჩერდებით, რათა გავაანალიზოთ, რომ წაგებისგან გამოწვეული ბრაზი, რომელიც უმეტესწილად ჩვენს იმედგაცრუებას უკავშირდება, შენი ბრალი არაა. მოდით, სარკეში ჩავიხედოთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ვითხოვთ თუ არა საკუთარი თავისგან იმის 1 პროცენტს მაინც, რასაც შენგან, აბსოლუტურად უცხო ადამიანისგან.
როგორ დაგარწმუნებთ? თუ გვიჭირს გავიგოთ, რომ ყველა გაქებს. შეგიძლია, დასასვენებლად წახვიდე და პლაჟზე წამოწვე, მაგრამ ამის ნაცვლად, დარბიხარ და ცდილობ, ჩვენი ფერები დაიცვა, როცა სხვები უბრალოდ გიყურებენ. ლეო, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ გთხოვ, დარჩენაზე იფიქრე. დარჩი და სიამოვნება მიიღე. ამ ხალხმა, შენზე უდიდესი წნეხის განხორციელებით, ყველაზე კეთილშობილი რამ წაგართვა და ეს ფეხბურთით სიამოვნების მიღებაა. ბავშვობისას, ხომ შენი ქვეყნის ღირსების დაცვაზე და სიამოვნების მიღებაზე ოცნებობდი. ლურჯი და თეთრი ფერის მაისურით შენი ხილვა სიამაყის საფუძველია. სიამოვნებისთვის ითამაშე, რადგან როცა სიამოვნებას იღებ, წარმოდგენა არ გაქვს, რამხელა სიამოვნებას გვანიჭებ. მადლობა და გვაპატიე“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ბოლო ტურში პოლონეთს დაუპირისპირდება და თუ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა, არის შანსი, ჯგუფში ჩარჩეს.