„შესაძლოა, ის მომავლის მესია“ - გერმანული ფეხბურთის ლეგენდები მუსიალაზე
მუნდიალზე გერმანია-ესპანეთის საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო 19 წლის ჯამალ მუსიალა იყო, რომელმაც პასების 84 პროცენტი ზუსტად შეასრულა, მინდორზე შვიდი ორთაბრძოლა მოიგო, სამი საკვანძო გადაცემა შეასრულა და მისი გადაცემით ნიკლას ფიულკრუგმა ანგარიში გაათანაბრა.
BBC Sport-ს გერმანული ფეხბურთის ლეგენდები, ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი ჯამალ მუსიალაზე ესაუბრნენ.
ლოთარ მათეუსი: „შესაძლოა, ის მომავლის მესია. ის შესანიშნავია. მიყვარს მისი სათამაშო სტილი, მიყვარს მისი პიროვნება. 19 წლისაა და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მას ტოპ ფეხბურთელად აქცევს.
პირველად მისი თამაში ორი წლის წინ ვნახე, მინდორზე გამოვიდა და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მას უყვარს ფეხბურთი და ფეხბურთისადმი დიდი ლტოლვა აქვს. ორი წელია, მისი დიდი ქომაგი ვარ“.
მუსიალას შესახებ კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, იურგენ კლინსმანმა ისაუბრა:
„ვფიქრობ, მუსიალა ესპანეთთან მატჩში გამორჩეული იყო. მას ახასიათებს სიურპრიზები, მოულოდნელი ელემენტები, მასში არაა შიში, ფანტასტიკური ახალგაზრდაა, რომელიც „ბაიერნის“ სისტემაში იზრდება. ეს მისი პირველი მსოფლიოა და მხოლოდ გაიზრდება, პროგრესს აჩვენებს.
მუსიალას შესახებ BBC Sport-ს მაურისიო პოჩეტინოც ესაუბრა: „გავისთან, ბელინგემთან და პედრისთან ერთად მუსიალა დიდი ტალანტია. ვფიქრობ, მიმდინარე მუნდიალზე იზრდება. შესაძლოა, გერმანიამ სიურპრიზი შემოგვთავაზოს“.