ნინიაშვილის მეხუთე ლელო ამ სეზონში - ლიონმა ლიდერი ტულუზა დაამარცხა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურში „ლიონმა“ „ტულუზა“ 21:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ ითამაშეს.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 6:7 დასრულდა. შესვენების შემდეგ დავით ნინიაშვილმა ლელო დადო, „ლიონი“ დაწინაურდა. მიმდინარე სეზონის ტოპ 14-ში ნინიაშვილის ანგარიშზე მეხუთე ლელოა. ამ მაჩვენებლით ქართველი მორაგბე ორ მოთამაშეს ჩამორჩება, რომელთა აქტივში 6 ლელოა.
ნინიაშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს, საღინაძემ შეუცვლელად ითამაშა.
11 ტურის შემდეგ „ლიონი“ 29 ქულით მე-4 ადგილზეა, სატურნირო ცხრილს „ტულუზა“ 35 ქულით ლიდერობს. მე-12 ტურში „ლიონი“ სტუმრად „ავირონს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა სამ დეკემბერს გაიმართება.