„გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ“ - ფლიკი და მიულერი ესპანეთთან მატჩის შემდეგ
კატარი 2022-ის E ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთისა და გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ევროპულმა გრანდებმა ქულები გაიყვეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე ჟორდი ალბას საგოლე პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო მორატამ გახსნა. მორატამ საჯარიმოში ნიკლას ზიულეს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა. ანგარიში 83-ე წუთზე გათანაბრდა, მუსიალას პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ნიკლას ფიულკრუგმა ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო, ლუის ენრიკეს გუნდის დაცვის ხაზი ჩავარდა.
ჰანს ფლიკი: „ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა ვნახეთ. გერმანიის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, ფეხბურთელებს კომპლიმენტები ეკუთვნით. ახლა, ჩვენ კოსტა რიკა უნდა დავამარცხოთ და მერვედფინალში გავიდეთ“.
ტომას მიულერი: „ბედნიერები ვართ, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ჩვენი თამაში უშეცდომო არ ყოფილა, თუმცა გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. მაქსიმუმი გავიღეთ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ.
პირველ ტურში მარცხის მიუხედავად მერვედფინალში გასვლის შანსი კვლავ გვაქვს, რისთვისაც მადლობა კოსტა რიკას“.
საწყისი ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, იაპონიისა და კოსტა რიკის აქტივში 3 ქულაა, ხოლო გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. მერვედფინალში გასვლის შანსს ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს.მესამე ტურში იაპონია ესპანეთს შეხვდება, კოსტა რიკა - გერმანიას. ორივე შეხვედრა პირველ დეკემბერს გაიმართება.