ალვარო მორატა, კატარი 2022, ნიკლას ფიულკრუგი
Aa
Aa

ფიულკრუგმა გერმანია მარცხისგან იხსნა - ესპანეთი გამარჯვებასთან ახლოს იყო

კატარი 2022-ის E ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთისა და გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ევროპულმა გრანდებმა ქულები გაიყვეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე ჟორდი ალბას საგოლე პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო მორატამ გახსნა. მორატამ საჯარიმოში ნიკლას ზიულეს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა.

ანგარიში 83-ე წუთზე გათანაბრდა, მუსიალას პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ნიკლას ფიულკრუგმა ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო, ლუის ენრიკეს გუნდის დაცვის ხაზი ჩავარდა.

 

2014 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ, როცა მარიო გიოტცე ცვლილებაზე გამოვიდა და გოლი გაიტანა, ნიკლას ფიულკრუგი გერმანიის ნაკრების პირველი მოთამაშეა, რომელმაც ცვლილებაზე გამოსულმა თავი გოლით გამოიჩინა.

მეხუთე დამატებულ წუთზე ლეროი ზანე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, ბურთი გაექცა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ალვარო მორატა მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოსულმა გოლი გაიტანა, მან პირველ ტურში კოსტა რიკას შეუგდო, ახლა კი - გერმანიას.

პირველ ტაიმში პაბლო გავიმ 8-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-15 შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მასზე მეტ შეხვედრაში მხოლოდ სერხიო რამოსმა ითამაშა (17). მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ ბუსკეტსი მიმდინარე მუნდიალზე არ წაიყვანა.

საწყისი ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, იაპონიისა და კოსტა რიკის აქტივში 3 ქულაა, ხოლო გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. მერვედფინალში გასვლის შანსს ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს.

მესამე ტურში იაპონია ესპანეთს შეხვდება, კოსტა რიკა - გერმანიას. ორივე შეხვედრა პირველ დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრამარიჩის დუბლი - ხორვატიამ კანადა გაანადგურა
კრამარიჩის დუბლი - ხორვატიამ კანადა გაანადგურა