ორმაგი დუბლი და ეფექტური ჩატენვა - მამუკელაშვილმა G ლიგაში გაიბრწყინა
გუშინდელი საღამო სანდრო მამუკელაშვილისთვის იდეალური აღმოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა G ლიგაში „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში გაიბრწყინა. „მილუოკის“ განვითარების გუნდი „სიუ ფოლს სკაიფორსს“ დაუპირისპირდა და 133-126 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო სასტარტო ხუთეულში არ იყო და მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქართველმა პარკეტზე ყველაზე მეტი 34 წუთი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. 27 ქულა და 10 მოხსნა. ასევე, სანდრომ 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი, 5-დან ერთი 3-ქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მამუკელაშვილის მატჩის მთავარი ჰაილაითი ზურგს უკან ორი ხელით ჩატენვა იყო. ასეთ თამაშს გულშემატკივრების ოვაციები მოყვა.
Two-handed reverse dunk from MAMU!!???? pic.twitter.com/uvxcHN4JkZ
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) November 27, 2022
ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებამდე მამუკელაშვილმა NBA-ში „კლივლენდის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც პარკეტზე 9 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი.