ლევანდოვსკი: „ძნელია ავხსნა, თუ რატომ ვიყავი ასე ძლიერად ემოციური“
საუდის არაბეთთან გამარჯვებისა და გოლის გატანის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ მედიასთან ისაუბრა. „ბარსას“ ფორვარდისთვის ეს დღე ძალიან ემოციური იყო.
რობერტ ლევანდოვსკი: „მოდით, თავიდან დავიწყოთ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყნის ჰიმნს ვმღეროდი, ძალიან დიდ ემოციებს ვგრძნობდი. ძნელია ახსნა, თუ რატომ იყო ჩემი ემოციები ასე ძლიერი, მაგრამ მე ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ფიქრობ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გოლი. ეს ნამდვილად ოცნების ახდენაა. ჩვენ გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა გვქონდა, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს შედეგი დიდებულია.
როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, შედეგზე ხარ ფოკუსირებული, მაგრამ სიმართლეა, რომ ყოველთვის გაქვს მუნდიალზე გოლის გატანის სურვილი. ეს არ არის ადვილი, ჩვენ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია. ასევე, პირველ შეხვედრაში პენალტი ვერ გავიტანე.
გუნდის შედეგი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პერსონალურ სტატისტიკაზე მეტად გუნდური წარმატებაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგჯერ ეს ორივე სურვილი თანხვედრაში არიან.
მესმის, რომ ეს შესაძლოა ჩემი ბოლო მუნდიალია. ასე რომ, გოლი ჩემი ოცნება იყო“.
კატარი 2022-ის C ჯგუფის მეორე ტურში პოლონეთმა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა, ანგარიში ლევანდოვსკის პასით პიოტრ ზელინსკიმ გახსნა, ლევანდოვსკიმ კი მუნდიალზე სადებიუტო გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საწყისი ორი ტურის შემდეგ პოლონეთის ნაკრების ანგარიშზე 4 ქულაა, პოლონელებს გოლი არ გაუშვიათ, პირველ ტურში მექსიკასთან 0:0 ითამაშეს.
C ჯგუფში პოლონეთის ანგარიშზე 4 ქულაა, საუდის არაბეთის აქტივში 3 ქულაა, მექსიკა 1 ქულით მესამე პოზიციაზეა, არგენტინა 0 ქულით აუტსაიდერია. მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ლეო მესის არგენტინა მექსიკას შეხვდება, ეს მატჩი 26 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.