კარიერაში პირველად - თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა
გორის სპორტის სასახლე ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს. პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში ნანატრი დაპირისპირება შედგა - გურამ თუშიშვილი ტედი რინერის წინააღმდეგ.
დღევანდელ დღემდე თუშიშვილი ლეგენდარულ ფრანგს 2-ჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა, თუმცა დღეს ნავსი გატეხა და გამარჯვება შეძლო.
გურამმა დაძაბული ბრძოლის მოგება ბოლო 10 წამში მოპოვებული ვაზარის წყალობით შეძლო და თავისი გუნდი (მებრძოლი) ფრანგული პსჟ-ს წინააღმდეგ 3:1 დააწინაურა. საბოლოოდ, ქართულმა კლუბმა მოიგო და ნახევარფინალშია.
ამრიგად, ძიუდოს სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ტედი რინერი, რომელმაც ოლიმპიადა 3-ჯერ, მსოფლიო ჩემპიონატი 10-ჯე, ევროპის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, გორში დამარცხდა.
ვინ გამოდის ტურნირზე
შეგახსენებთ, რომ გორში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კაცთა ტურნირში, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, აქედან 3 ქართულია - გოლდენ გორი, მებრძოლი და არეა.
რაც შეეხება სხვა გუნდებს - გორში ფრანგული პსჟ და SGS, სერბული ცრვენა ზვეზდა, ბერძნული არისი და ესპანური სტაბია გამოდიან.