იოახიმ ლიოვი: „მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი“
გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი „ბუნდესმანშაფტის“ მოთამაშეთა საპროტესტო ჟესტს გამოეხმაურა, რომელიც მათ იაპონიასთან მატჩამდე გამოიყენეს. ლიოვმა განაცხადა, რომ მთავარი ფეხბურთია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი.
„ახლა მთავარი ფეხბურთი და მისი ხარისხია და არა კაპიტნის სამკლავურის ფერი. ვხვდები, გუნდში რატომ ნერვიულობენ, მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში, ფეხბურთელები თამაშზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. სპორტი პირველ ადგილზეა, სხვა ყველაფერი კი მეორე პლანზეა“.
შეგახსენებთ, რომ გუნდური სურათის გადაღებისას, მათ პირზე ხელი აიფარეს, რითიც FIFA-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს One Love კაპიტნის სამკლავურით თამაშის უფლება არ მისცა და გერმანელთა პროტესტი სწორედ ამან განაპირობა. „ბუნდესმანშაფტს“ სურდა, LGBTQ+ თემისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
სხვათა შორის, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. გერმანულ მხარეს სურს, რომ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აღნიშნული სამკლავური მეორე ტურში, ესპანეთთან შეხვედრაში გაიკეთოს და უნდა, დარწმუნდეს, რომ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, ნოიერი არ დაისჯება და არც გერმანიის ნაკრებს დააკლებენ ქულებს.