„კენჭისყრა გააყალბეს“ - მორიგი სკანდალი რუსეთისა და კატარის მუნდიალებზე
FIFA-ს საბჭოს წევრი რუსეთსა და კატარში მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრას არაკეთილსინდისიერად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის გააყალბეს.
„2010 წელს, იყო ორმაგი უცნაური წილისყრა, რომელიც 2018 და 2022 წლების მუნდიალებს ეხებოდა.
ამ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ აღმასკომმა მიიღო და არა ყველა ფედერაციამ, როგორც ეს მოგვიანებით მოხდა.
ეს აშკარად გაყალბებული კენჭისყრა იყო. ვიღაცამ გადაიხადა. კითხვა მხოლოდ „კონვერტების“ განაწილებაში იყო. აღარასოდეს გადაეცემა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ისეთ ქვეყანას, როგორიც კატარია“,
- განაცხადა ეველინა კრისტელინმა რადიო კაპიტალთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ძალიან ბევრი რამ აღიარა და სხვების „ცოდვებიც“ გაამხილა.
ბლატერის თქმით, 2022 წლის მუნდიალი აშშ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა ფულის სანაცვლოდ, ასევე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად, პრივილეგია კატარს გადაეცა. ბლატერის სკანდალური ინტერვიუს ხილვა აქ შეგიძლიათ.