“აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ“ - აზარი გერმანელებს არ ეთანხმება
ედენ აზარმა გერმანიის ნაკრების ქმედება გააკრიტიკა. გერმანელებმა იაპონიასთან მატჩის წინ, One Love (LGBTQ+) სამკლავურების აკრძალვის გამო პროტესტი გამოთქვეს და პირზე ხელი აიფარეს.
გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ ამაზე განაცხადა:
„ჩვენთვის სამკლავურისთვის უარის თქმა იგივეა, რაც ხმის ამოღებაზე უარის თქმა. ადამიანის უფლებებზე მოლაპარაკება შეუძლებელია“.
ამ ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათ შორის ერთ-ერთმა, ედენ აზარმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ბელგიელი გერმანელებს არ ეთანხმება.
„დიახ, მათ ეს გააკეთეს და ამის შემდეგ წააგეს. უმჯობესი იქნებოდა ეს არ გაეკეთებინათ და მოეგოთ. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას, ამით სხვა ხალხი უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ გვინდა ყურადღება ფეხბურთზე გავამახვილოთ“,
- ციტირებს აზარის სიტყვებს RMC Sport-ი.
აზარმა ასევე უპასუხა კითხვას One Love კაპიტნის სამკლავურის ტარების აკრძალვის შესახებ.
„ამ თემაზე ლაპარაკი დისკომფორტს მიქმნის, რადგან აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი. არ მინდოდა მატჩი ყვითელი ბარათით დამეწყო - ამან შესაძლოა ტურნირს ხელი შეუშალოს“,
- განაცხადა ბელგიელთა კაპიტანმა.