ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა პარალელურად, ევროპულ მედიაში უკვე მომავალ მუნდიალებზეც ლაპარაკობენ.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იმ ქვეყნებზე წერს, რომელსაც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ, გასაკუთრებულ ყურადღებას კი არგენტინასა და საუდის არაბეთზე ამახვილებს.
ამ დროისთვის, 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე ოფიციალურად პრეტენზია სამმა ქვეყანამ გამოთქვა - ესპანეთმა, პორტუგალიამ და უკრაინამ, რომელიც მზად არიან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება ერთობლივად მოახდინონ, Athletic-ის ინფორმაციით კი მათ რიგებს უახლოეს მომავალში კიდევ ხუთი ქვეყანა შეემატება - ურუგვაი და არგენტინა, რომელიც ასევე ერთობლივად მასპინძლობის მზადყოფნას გამოთქვამენ და საუდის არაბეთი, რომელიც მზადაა ტურნირს ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად უმასპინძლოს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არგენტინის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი თავის სამშობლოში მკაცრად გააკრიტიკეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე თვის წინ მესიმ საუდის არაბეთის მმართველებთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. ლეო რამდენიმე თვეა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ვიდეორგოლებში და აქტივობებში, რომელიც ტურიზმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არგენტინაში კი ამბობენ, რომ მესის ფაქტორმა შესაძლოა FIFA-ს ხელმძღვანელები დაარწმუნოს, რომ მუნდიალის მასპინძლობის უფლება არა მათ ქვეყანას, არამედ საუდის არაბეთს მისცენ.
როგორც ზემოთ გითხარით, ამის გამო მესი სამშობლოში მკაცრად გააკრიტიკეს. ეროვნულ ნაკრებში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, მაქსი როდრიგესმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა:
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცით ამას რა მოჰყვება და როგორ დასრულდება. გვინდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, მაგრამ ამისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. ძალიან გვინდა, რომ ეს ემოციები ჩვენს სამშობლოში კიდევ ერთხელ გამოვცადოთ“, - განაცხადა როდრიგესმა.
ამ ინიციატივის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, ფერნანდო მარინმა თქვა, რომ მესის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რას ამბობს მარინი:
მესის უნიკალური ძალა აქვს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. ის ზედმეტად გაიზარდა. თავისთავად, მესი ბრენდია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს. თუმცა, ის არის ბრენდი ფეხბურთისთვის და არა სახელმწიფოებისთვის. ვფიქრობ, მესის ფუნდამენტური როლი ექნება 2030 წლისთვის სამხრეთ ამერიკული ტენდერისთვის.
ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ერთობლივი განაცხადი თავდაპირველად 2017 წელს გამოქვეყნდა, როდესაც არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე, იმ დროს „ბარსელონაში“ თანაგუნდელები ლეო მესი და ლუის სუარესი თავისი ქვეყნების პოპულარიზაციისთვის გაერთიანდნენ. სუარესს ეცვა მაისური, რომელზეც 20 ნომერი იყო გამოსახული, მესის კი 30-ნომრიანი მაისური ჰქონდა მორგებული.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ 2030 წლის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2024 წელს, ორგანიზაციის 74-ე კონგრესზე უნდა გამოავლინოს. მანამდე გეტყვით, რომ 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.
საუდის არაბეთის ტურიზმის პოპულარიაზიაზე მესის აქტივობებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.