კუბო: “საუდის არაბეთმა ბევრი ჩვენგანი შთააგონა“
მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. იაპონიამ გერმანია დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების ერთ-ერთმა შემოქმედმა ტაკეფუსა კუბომ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა კუბომ?
„ვფიქრობ, ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღეს. მეორე ტაიმში ნაკლებად ვაქტიურობდი, რადგან გერმანელებმა უფრო მეტად დაიწყეს ჩემი აყვანა. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან მოწინააღმდეგე ნაკრების ნახევარდაცვამ დაგვაბნია. არ ვიცოდით, თუ ვინ უნდა აგვეყვანა კონკრეტულად. შესვენების დროს, მწვრთნელმა ფუნდამენტურად შეცვალა ყველაფერი, რაც შედეგზე აისახა.
ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ადრეა, რადგან ჯერ მხოლოდ პირველი თამაში ჩავატარეთ. გერმანიის დამარცხება იაპონიის ფეხბურთის ისტორიაში დიდი და ნათელი წერტილია. ეს მატჩი რაღაცით არგენტინისა და საუდის არაბეთის დაპირისპირებას ჰგავდა. საუდის არაბეთს 3 მომენტი ჰქონდა და 2 გამოიყენა. არგენტინას უამრავი და მხოლოდ ერთი. იგივე მოხდა დღევანდელ თამაშში. ასეთ წვრილმანებს ხალხი დაივიწყებს. მათ მხოლოდ ის ემახსოვრებათ, რომ გერმანია დავამარცხეთ.
საუდის არაბეთმა ბევრი ჩვენგანი შთააგონა. ირანის წაგება ცოტა უსამართლობა იყო. ირანი ტაქტიკურად შეცდა. რეალურად კეირუშს გუნდი კონტინენტზე ყველაზე ძლიერია. გამარჯვება კიდევ იმიტომ მიხარია, რომ ბევრისგან გავიგე აზიის კონტინენტის პოზიციების შესუსტების შესახებ. ზოგ ადამიანს უნდა, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები გუნდით გავიდეთ. ყველას ვაჩვენეთ, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება.“
შეგახსენებთ, რომ თავისი მატჩი ესპანეთმაც მოიგო. „ფურია როხამ“ კოსტა რიკა 7:0 გაანადგურა. ლუის ენრიკეს გუნდი ახლა ჯგუფის ლიდერია, ხოლო იაპონია მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში იაპონია კოსტა რიკას შეხვდება, ხოლო ესპანეთი გერმანიას.