ენრიკე: “კატარში 7 მატჩი უნდა ჩავატაროთ“
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კოსტა რიკა 7:0 გაანადგურა და საკმაოდ სოლიდური ფეხბურთი ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ენრიკემ?
„ბოლო 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, რომ თავისუფლად იყო ასეთი შედეგის მიღება შესაძლებელი. როდესაც ასეთ შედეგს იღებ, ფეხბურთი გაცილებით სასიამოვნო სპორტი ხდება. იმასაც ვამბობდი, რომ კოსტა რიკა პრობლემებს შეგვიქმნიდა, მაგრამ ჩვენ ბურთით და უბურთოთ ბრწყინვალედ ვითამაშეთ.
ჩვენი ერთადერთი მიზანი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებაა. ამისთვის კი ბურთი ძალიან ხშირად უნდა გვქონდეს. ასე მეტოქე სივრცეს აუცილებლად გახსნის და უამრავი მომენტი შეიქმნება. ზუსტად ეს მოხდა დღეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს გასაუმჯობესებელი ასპექტები.
მიხარია, რომ როდრი ცენტრალური მცველის თვისებებით არის დაჯილდოებული, თუმცა ის ასევე საოცრად კარგი ნახევარმცველია. არ ვიცი ვინ ითამაშებს გერმანიასთან. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მატჩის გამართვაა. ერთნაირი შემადგენლობით არასდროს მითამაშია და ალბათ გერმანიასთან ცვლილებებს მივმართავ.“
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ახლა სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. მეორე ადგილს კი იაპონია იკავებს, რომელმაც სენსაციურად დაამარცხა ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გერმანია.
მეორე ტურში კი ერთმანეთს სწორედ „ფურია როხა“ და ბუნდეს ნაკრები ხვდებიან. აღნიშნული დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა