ნანდო ორსი: „ხვიჩა თუ ინსინიე? ქართველს ბრწყინვალე სეზონი აქვს“
რომის „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა დარიო სარნატარომ ვეტერან მეკარეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შორის არჩევანზე ჰკითხა.
დარიო სარნატარო: „ჰიპოტეტურად შევქმნათ იდეალური გუნდი: კვარაცხელია თუ ინსინიე?“
ნანდო ორსი: „მე ქართველ შემტევს ავირჩევდი. მე ის უფრო მეტად მომწონს ვიდრე ლორენცო ინსინიე, რომლის საუკეთესო თვისებებს ვაღიარებ. იტალიაში ინსინიე არასდროს ყოფილა წმინდანი, ის არ ყოფილა უშეცდომო. ქართველს დიდებული სეზონი აქვს, რაზეც მისი თამაში და სტატისტიკა მეტყველებს“.
შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ 31 წლის ლორენცო ინსინიემ ნეაპოლური კლუბი დატოვა, კარიერა „ტორონტოში“ გააგრძელა, მის შემცვლელად იტალიურმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა, რომელიც ბრწყინავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.