კატარი 2022
Aa
Aa

პირველი უგოლო მატჩი კატარში - დანიამ ტუნისთან ქულები დაკარგა

კატარი 2022-ის D ჯგუფში დანიამ ტუნისთან შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა. თამაშის სურათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, დანია უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები თითქმის თანაბარი იყო, თამაში უგოლოდ 0:0 დასრულდა.

ტუნისის ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აფრიკული ნაკრები თავს კარგად იცავდა და შეტევაშიც აქტიურად გადადიოდა. პირველი ტაიმის მიწურულს ტუნისელებს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, ისმალ ჟებალი შმეიხელთან პირისპირ დარჩა, ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა კასპერმა მაგრად ითამაშა.

65-ე წუთზე დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამმაგი ცვლილება განახორციელა, კაპიტანი კიაერი გავიდა და მატიას იენსენი შემოვიდა, დოლბერგი კორნელიუსმა შეცვალა, სკოვ ოლსენი კი - ლინდსტრიომმა.

სამი ცენტრალური მცველის ნაცვლად სკანდინავიური გუნდი ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადავიდა.

69-ე წუთზე ერიქსენის ზუსტი და ძლიერი დარტყმა მეკარემ აიღო, კუთხურის შემდეგ კი კორნელიუსმა ძალიან ცუდად ითამაშა, კარის ძელთან ახლოს მყოფმა უხეიროდ ითამაშა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მე-80 წუთზე ტუნისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაშში ტუნისური ფეხბურთის მომავალი, ჰანიბალ მეჟბრი ჩართო, რომელიც „მან. სიტის“ საკუთრებაა. 2019 წელს „ქალაქელებმა“ 16 წლის მეჟბრის სანაცვლოდ „მონაკოსთან“ 10-მილიონიანი გარიგება განახორციელეს. ამჟამად, ნახევარმცველი „ბირმინგემში“ იჯარით თამაშობს.

D ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ავსტრალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

მეორე ტურში საფრანგეთის მეტოქე დანიაა, ტუნისის კი - ავსტრალია. ორივე მატჩი 26 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლეო მესი: „თავის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს“
ლეო მესი: „თავის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს“