მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - უცხოური პრესის გამოხმაურება არგენტინის მარცხზე
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია საუდის არაბეთმა შემოგვთავაზა. „შევარდნებმა“ არგენტინა დაამარცხეს და „ალბისელესტეს“ 2:1 მოუგეს. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი გამოცემებისა და ადამიანების გამოხმაურებებს არგენტინის ფიასკოზე.
Daily Mail: „საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შოკი შემოგვთავაზა და ლიონელ მესის ვარსკვლავური გუნდი დაამარცხა. შეხვედრაში, რომელსაც იქამდე გაიხსენებენ, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი იარსებებს, საუდის არაბეთმა ქამბექი შეასრულა და ტურნირის ფავორიტს მოუგო“.
Sky Sports: „საუდის არაბეთის სეისმური შოკი. დრო გაჩერდა, როცა ალ-დავსარიმ ბურთი ჰაერიდან ჩამოიღო, ორი არგენტინელი მცველი მოატყუა და ემილიანო მარტინესის კარში ჩაახვია, რითიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტი შექმნა“.
AS: „ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ეპიკური და მოულოდნელი ფურცელი ჩაიწერა, რომლის ავტორიც საუდის არაბეთია. მათ მიერ გატანილმა ორმა გოლმა და მილიმეტრიანმა თამაშგარემ მოიტანა გამარჯვება და ქამბექი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წაშლის“.
Goal: „ვაუ! მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა შოკში ჩააგდეს და ალ-დავსარის საოცარმა დარტყმამ საუდის არაბეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა“.
გარი ლინეკერი: „ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ექსტრაორდინალური გამოსვლა საუდის არაბეთისგან“.
გრემ სუნესი: „ეს გახლდათ არგენტინის ნებისმიერი ნაკრების ჩრდილი, რომელიც ოდესმე მინახავს. ისინი დღეს ჩრდილი იყვნენ“.
Sport: „არგენტინამ და მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი საშინელი ჩავარდნით დაიწყეს. ოპტიმიზმი, რომელიც გუნდს მუნდიალის დაწყებამდე ჰქონდა, ლუსაილის სანიაღვრე სისტემაში გაუჩინარდა“.
Mundo Deportivo: „არგენტინის ნაკრებისა და მესის დარტყმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ. ალბისელესტემ ისტორიული მარცხი იწვნია. შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს. არგენტინას, გუნდს, რომელიც 36 თამაში წაგების გარეშე იყო, მარაკანაზე კოპა ამერიკა მოიგო და იტალიასთან იცეკვა, წარმოდგენა არ აქვს, სადაა. მან ვერაფერი იპოვა, რეაგირება ვერ მოახდინა და ინტენსივობა აკლდა“.