ამბები კატარიდან - ყველაფერი, რაც შეიძლება გამოგრჩენოდათ
Aa
Aa

ამბები კატარიდან - ყველაფერი, რაც შეიძლება გამოგრჩენოდათ

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს გულშემატკივრებმა სამი თამაში იხილეს. ინგლისის ნაკრებმა ირანი გაანადგურა, ნიდერლანდებმა სენეგალს მოუგო, ხოლო აშშ-სა და უელსის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ამ სტატიაში იმ ამბებს შემოგთავაზებთ, რომლებიც შეიძლება, გამოგრჩენოდათ.

უცნაური ამბავი სტადიონიდან

სენეგალისა და ნიდერლანდების მატჩზე ცარიელ ადგილებს მარტივად შეამჩნევდით, მაგრამ კატარელები სხვა აზრზე არიან. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მატჩს 41 721 ადამიანი დაესწრო. არადა, აღნიშნული არენა 40 000-ადგილიანია. ეს ყველაფერი არაა. მსგავსი რამ ოთხივე თამაშზე მოხდა:

კატარი - ეკვადორი - დასწრება 67 372, ადგილი - 60 000

ინგლისი - ირანი - დასწრება 45 334, ადგილი - 40 000

აშშ - უელსი - დასწრება 43 418, ადგილი - 40 000

მსოფლიო ჩემპიონატს ჩრდილოეთ კორეაშიც უყურებენ

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ჩრდილოეთ კორეაშიც გადასცემენ. არ გეგონოთ, რომ მათ ტრანსლაციები იყიდეს და მუნდიალის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს, უბრალოდ, პირატულ სიგნალებს იყენებენ.

ნიკო უილიამსის გმირობა

რამდენიმე საათის წინ, უელსის ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკო უილიამსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ, უმძიმესი სიახლე შევიტყვე და ვუსმენდი დედაჩემს, რომელმაც მითხრა, რომ გასულ ღამეს ბაბუაჩემი გარდაიცვალა. მთელი დღის განმავლობაში ტირილიდან, მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტოში გამოჩენამდე გავლილი გზა ურთულესი იყო, თუმცა ჩემი თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით ეს შევძელი“.

რატომ თქვეს ნაკრებებმა One Love სამკლავურზე უარი

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ ბოსარტმა ახსნა, ნაკრებებს LGBTQ+ თემის მხარდასაჭერ სამკლავურზე უარის თქმა რატომ მოუწიათ: „ფიფასთან მოლაპარაკებებს 3 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ვითარება გახსნით მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეიცვალა და გვითხრეს, რომ თუ არ დავემორჩილებოდით, სასჯელი გველოდა. ყვითელი ბარათი, შესაძლო მომდევნო მატჩის გამოტოვება და ფულადი ჯარიმა ფედერაციას“.

ტუნისელ ფანებს ლუდი არ უნდათ

ეკვადორისა და კატარის ნაკრებების მატჩში, „ლა ტრის“ ქომაგებისგან ასეთი შეძახილები მოვისმინეთ: „ლუდი გვინდა, ლუდი გვინდა, ლუდი გვინდა!“ ტუნისის ნაკრების გულშემატკივრებს სხვა პრიორიტეტი აქვთ და ალ-რაიიანის ქუჩებში მარიხუანაზე მღერიან.

ფიფა და ბელგიის ნაკრები

ბელგიის ნაკრები უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „წითელი ეშმაკები“ საგარეო მაისურებით ვერ ითამაშებენ, რადგან მასზე სიტყვა „სიყვარულია“ გამოსახული. ფიფამ ბელგიელებს განუცხადა, რომ თუ ამ მაისურის გამოყენება უნდათ, ეს სიტყვა უნდა მოაშორონ. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას წითელი ფერის მაისურებით გამართავს და შემდეგ გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს. ამასთან, ფიფას პრობლემა აქვს მაისურებზე, რომლებიც ბელგიელებს გახურებისას აცვიათ, რადგან იგი ძალიან „ფერადია“.

უელსის ნაკრების ქომაგთა ქუდები

უელსის ნაკრების ქომაგებს აშშ-სთან მატჩზე დასწრება ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი ქუდებით სურდათ, მაგრამ სტადიონის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ეს ქუდები ჩამოართვეს და არენაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვეს.

მიგრანტების უფლებები ისევ არ აინტერესებთ

მსოფლიო ჩემპიონატი დაწყებულია, თუმცა კატარში ქომაგებზე გათვლილი კოტეჯების მშენებლობა გრძელდება და Daily Mail-ის ინფორმაციით, მიგრანტები გაუსაძლის სიცხეში დღეში 14 საათის განმავლობაში მუშაობენ. ისინი დღეში 25 გირვანქა სტერლინგს იღებენ და ზედამხედველები ბონუსებს სთავაზობენ, რათა საქმე სწრაფად დაასრულონ.

ამერიკელი ჟურნალისტი სტადიონზე არ შეუშვეს

ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი მაისურის გამო, სტადიონზე არ შეუშვეს და უთხრეს, რომ მისი გამოცვლა აუცილებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი“ - კოლინა არბიტრთა მიერ დამატებულ წუთებზე
„ეს მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი“ - კოლინა არბიტრთა მიერ დამატებულ წუთებზე