1 საფეხურით წინ - საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის ნოემბრის ტესტ-მატჩები სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად ისეთ ძლიერ მეტოქეს მოუგეს, როგორიც უელსია. ამ გამარჯვებას არაერთი ცნობილი გამოცემა ეხმაურება და საქართველოს აქებს.
ასეთი გამარჯვება რეიტინგზეც აისახა. საქართველოს ნაკრებმა უელსის დამარცხებით 2.0 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ფიჯის გადაასწრეს და ამ მომენტისთვის მე-13 ადგილზე 75.18 ქულით იმყოფებიან.
ჩვენზე წინ, იტალიის ნაკრებია, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან 21:63 განადგურდა. ამის გამო მათ მხოლოდ 0.20 ქულა მოაკლდათ და საქართველო ჯერჯერობით მდევრის როლშია.
საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, სამოამ რუმინეთსაც მოუგო და ამის წყალობით დამატებითი სარეიტინგო ქულები დაიწერა. სამოას ნაკრები ახლა 76.03 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
ათეული კი ასე გამოიყურება:
ირლანდია 90.63 ქულა
საფრანგეთი 90.01 ქულა
ახალი ზელანდია 88.98 ქულა
სამხრეთ აფრიკა 88.01 ქულა
ინგლისი 84.62 ქულა
შოტლანდია 81.55 ქულა
არგენტინა 80.72 ქულა
ავსტრალია 80.64 ქულა
უელსი 79.26 ქულა
იაპონია 77.39 ქულა