მარტივი გამარჯვება - ინგლისმა ირანს შანსი არ დაუტოვა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად 6:2 გაანადგურა. ირანმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი 15 წუთი გასწია.
მატჩის საწყის წუთებზე, ირანელთა მეკარემ ტრავმა მიიღო და ამის გამო შეხვედრა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამის შემდეგ, „სამი ლომი“ გააქტიურდა და ბრწყინვალედ ითამაშა.
35-ე წუთზე ბელინგემმა გაიტანა და ინგლისი დააწინაურა. „დორტმუნდის“ შემტევისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი იყო. 43-ე წუთზე სხვაობა ორამდე ბუკაიო საკამ გაზარდა, ხოლო ზუსტად 3 წუთში სტერლინგმა 3:0 დააფიქსირა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. საუთგეიტის შეგირდები აქტიურობდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. 62-ე წუთზე საკამ დუბლი შეასრულა. გოლიდან 3 წუთში ირანმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. თავი თარემიმ გამოიჩინა.
70-ე წუთზე საუთგეიტმა მინდორზე მარკუს რაშფორდი გამოიყვანა, რომელმაც გამოსვლიდან 1 წუთში გაისროლა და 5:1 დააფიქსირა. თავისი გოლი გაიტანა ჯეკ გრილიშმაც, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, „სამი ლომის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თარემიმ შეასრულა და დუბლი გაფორმა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ინგლისი ამერიკას შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.