„ესაა განაცხადი, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავს“ - ინგლისის ნაკრებმა მუხლი მოიდრიკა
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო ჟესტი გამოიყენეს და ირანთან ჩანიშნული მატჩის დაწყებამდე წამებით ადრე, მუხლი მოიდრიკეს. შეხვედრამდე „სამი ლომის“ თავკაცმა, გარეთ საუთგეიტმა ახსნა, მისმა მოთამაშეებმა ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს.
„მუხლის მოდრეკაზე ვმსჯელობდით და ვფიქრობდით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ერთი გუნდი ვართ და ვაკეთებთ იმას, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდით. პრემიერ ლიგის გუნდებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ჟესტი კონკრეტული მატჩებისას გამოეყენებინათ, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენენ და ვთვლით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი შემთხვევაა. ჩემი აზრით, ეს მტკიცე განაცხადია, რომელსაც მთელი მსოფლიო იხილავს“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს მოედანზე გასვლა One Love სამკლავურით სურდა, მაგრამ ფიფასგან უარი მიიღო. FIFA-ში მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია და პოლიტიკის ფეხბურთში ჩარევას დაპირისპირების წინაპირობად თვლიან.
ცნობისთვის, ინგლისის ნაკრები ჯგუფთან აშშ-სთან, ირანთან და უელსთან ერთად იმყოფება. ირანის შემდეგ, გარეთ საუთგეიტის ბიჭები აშშ-ს დაუპირისპირდებიან.