ფიფამ თავისი გაიტანა - კაპიტნები One Love სამკლავურს ვერ გაიკეთებენ
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ „სამი ლომის“ კაპიტანი, ჰარი კეინი One Love-ის სამკლავურს ვერ მოირგებს. იგივე განცხადება გაავრცელეს დანიისა და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და უცხოური პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აღნიშნული სამკლავური არ იქნება.
„იმედგაცრუებული ვართ ფიფას გადაწყვეტილების გამო, რომელიც ჩვენი აზრით, უპრეცედენტოა. ფიფას სექტემბერში მივწერეთ და შევატყობინეთ, რომ One Love სამკლავურის გაკეთება გვინდოდა, რათა ფეხბურთში ჩართულობისთვის მხარი დაგვეჭირა. მათგან პასუხი არ მიგვიღია და ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები იმედგაცრუებული არიან, თუმცა სხვა გზას გამოვნახავთ, რათა ჩვენი თანადგომა დავაფიქსიროთ“, - ნათქვამია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.
რამდენიმე საათის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინი One Love სამკლავურის გაკეთებას მაინც აპირებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. იწერებოდა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ნაკრების კაპიტნები მატჩის დაწყებისთანავე ყვითელ ბარათს მიიღებდნენ, მაგრამ ასეთი ზომების მიღება საჭირო აღარაა.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ ინგლისის ნაკრებს აღნიშნული სამკლავურით თამაში აუკრძალა. FIFA-ში მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია და პოლიტიკის ფეხბურთში ჩარევას დაპირისპირების წინაპირობად თვლიან.