დაიერი: “კატარში საშინელი სიტუაციაა, ფეხბურთელებმა კითხვები უნდა დასვან“
კატარში, რომ უამრავი ემიგრანტი მუშა მუშაობს ეს ახალი არავისთვის არის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინგლისის ნაკრების მცველმა ერიკ დაიერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ საშინელი სიტუაციაა.
ერიკი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს არ აქვთ უფლება იგნორი გაუკეთონ ასეთ უსამართლობას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არასაფეხბურთო საკითხია.
რა თქვა დაიერმა?
„ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს. უნდა დაისვას კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები მივიღოთ. კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მოიპოვა. მაშინ მე 16 წლის ვიყავი. რეალურად ფეხბურთელებს არავინ ეკითხება, თუ სად უნდათ ფეხბურთის თამაში.
ამ გადაწყვეტილებებს იღებენ ჩვენზე მაღლა მდგომი ადამიანები და ჩვენ ვართ ისინი, ვინც ასეთ კითხვებს ვპასუხობთ. იმედგაცრუებული ვარ. მე ვატარებ იმ ღირებულებებს, რომელიც ოჯახმა მომანიჭა და ამას ყოველთვის ყველგან პატივს ვცემდი. აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა და ამას ვინმემ ყურადღება უნდა მიაქციოს.“
The Guardian-ის 2021 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2010 წლის შემდეგ, კატარში მშენებლობისას 6500-ზე მეტი ემიგრანტი მუშა დაიღუპა. მათი ოჯახებისთვის კი კომპენსაციაც არ გადაუხდიათ.
საპასუხოდ, კატარის მთავრობამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დაბალია. ასევე მთავრობამ დაგმო LGBTQ+ საზოგადოება, რომელსაც არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი, მათ შორის მანუელ ნოიერმა და კრისტიან ერიქსენმა.