„გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით“ - ლობჟანიძე ისტორიულ მოგებაზე
მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშით გასულ ზაფხულში უელსმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, მიმდინარე თვეში კი უელსმა „მილენიუმზე“ არგენტინას 20:13 სძლია. ასე რომ, „ბორჯღალოსნებმა“ ძალიან მაღალი დონის ნაკრები დაამარცხეს.
ვასილ ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა:
"ძალიან ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების გამო და იმ ხალხის გამო, რომლებიც აქ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. პირველიდან ბოლო წუთამდე ეს გრძნობა გვქონდა. ისტორია დავწერეთ, ძალიან ბედნიერები ვართ. რაგბის ელიტარული ნაკრებებიდან იტალია დავამარცხეთ, ახლა კი უელსს მოვუგეთ. მადლობა ყველას“.
საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.
ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.