ხვიჩა აღმოჩენაა - 90 Min-მა სერია A-ს სეზონის პირველი ნაწილი შეაჯამა
ცნობილმა სპორტულმა ვებგვერდმა, 90min.com-მა სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შეაჯამა და თავისი რჩეულები დაასახელა. 90 Min-ის ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა და იგი ნომინაცია „სეზონის პირველი ნაწილის აღმოჩენაში“ გამოარჩია.
„ნეაპოლში გადასვლამდე ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ახლა საფეხბურთო სამყაროში სახელი აქვს განთქმული. 21 წლის ქართველმა სერია A-ში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 6 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დინამო ბათუმის ყოფილმა მოთამაშემ მსოფლიოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, მეტოქის ჩამოშორების უნარი და კარის წინ მაღალი ხარისხი უჩვენა.
ხვიჩა ფედერიკო კიეზას ჰგავს და მატჩში გარდატეხის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლია. მან ტრავმის გამო, ნაპოლის ბოლო შეხვედრები გამოტოვა და ნებისმიერი საფეხბურთო ქომაგი იანვარში მისი თამაშის ხილვას მოუთმენლად ელის. ხვიჩა სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის ნამდვილი სიურპრიზი და აღმოჩენაა“, - წერს 90min-ი.
სპორტული ვებგვერდის სხვა ნომინაციები ასე გამოიყურება:
საუკეთესო გუნდი - ნაპოლი
ყველაზე იმედგამაცრუებელი გუნდი - ინტერი
გუნდი, რომელმაც ყველა გააოცა - უდინეზე
საუკეთესო თავდამსხმელი - ვიქტორ ოსიმენი
საუკეთესო ნახევარმცველი - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
საუკეთესო მცველი - კიმ მინ-ჯე
საუკეთესო მეკარე - ალექს მერეტი
აღმოჩენა - ხვიჩა კვარაცხელია
საუკეთესო მწვრთნელი - ლუჩანო სპალეტი
ყველაზე იმედგამაცრუებელი მწვრთნელი - მასიმილიანო ალეგრი