ბარსელონა, ატლეტიკო, ვალენსია, ნიკას ბლოგები, დავიდ ვილა
Aa Aa

“მხოლოდ ნიჭი არაფერს ნიშნავს, ყოველდღე უნდა დახვეწო“ - მე დავიდ ვილა ვარ

„ჩემს ოჯახში არსებობს ლეგენდა და დედაჩემი ყველაფერს იფიცება, რომ ეს სიმართლეა. ჯერ კიდევ 1981 წელს, პატარა ქალაქ ტუილაში დედაჩემმა გაიგო, რომ ორსულად იყო. თავიდან მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მეორე შვილიც გოგო ჰყოლოდა, რადგან თავის დას ეთამაშებოდა და ერთმანეთს გაართობდნენ.. მაგრამ, როდესაც ექიმმა უთხრა, რომ ბიჭს ელოდებოდა პირველი, რაც მან თქვა იყო: „ის ჩემი პატარა ფეხბურთელი იქნება..“

ეს მამაჩემისთვის დიდებული მომენტი იყო, რადგან მას ფეხბურთი ძალიან უყვარდა და სახლში ამაზე ვერავის ესაუბრებოდა. მას პარტნიორი სჭირდებოდა..

მამამ ექიმის კაბინეტშივე დაგეგმა, თუ როგორ შემიყვანდა ფეხბურთზე. თუ ეს შენთვის უცნაურად ჟღერს, მაშინ კარგად უნდა იცოდე როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა მამაჩემს..

ტუილაში მცხოვრები მამაკაცების უმეტესობის მსგავსად, ისიც ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა, რომელიც ქალაქის მთავარი ძალა და მაცოცხლებელი იყო. მამას ყოველდღე 800 მეტრის სიღრმეში უწევდა მუშაობა, რათა ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. ეს ძალიან რთული და საშიში სამუშაო იყო. ერთ ღამეს, როდესაც ბავშვი ვიყავი უბედური შემთხვევა მოხდა. მაღაროს ცეცხლი გაუჩნდა..

როცა გავიღვიძეთ გავიგეთ, რომ საბედნიეროდ მამამ გამოღწევა მოახერხა. სახლში მოსვლის შემდეგ მოგვიყვა, თუ როგორ გაიქცა და ვინ დაეხმარა.. მაგრამ ბევრს არ გაუმართლა. ზოგიერთმა ვერ გამოაღწია და რამდენიმე დღე ჩარჩნენ.. ზოგი კი იქიდან ცოცხალი აღარც გამოსულა..

მამა იძულებული იყო საკუთარი სიცოცხლის რისკად ოჯახი გამოეკვება და არაფერი მოგვკლებოდა. მას ჩვენთვის უკეთესი ცხოვრება სურდა. მის გარეშე ვერასდროს ვითამაშებდი „ვალენსიაში“, „ბარსელონაში“ ან მადრიდის „ატლეტიკოში“.. მსოფლიო ჩემპიონატსაც ვერ მოვიგებდი.. ჯანდაბა.. წესიერად სირბილსაც ვერ შევძლებდი..

ეს შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად ასეა.. მამას გარეშე ერთი ფეხი მეორეზე მოკლე მექნებოდა. ამ ისტორიას სულ მალე გაიგებთ..

ტუილა მუშათა კლასის ქალაქი იყო, მაგრამ იქ სულ მხიარული გარემო სუფევდა.. უამრავი ბავშვი.. ბედნიერი სახეები.. მეც ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ბავშვობას არაფერი მერჩივნა.. მე პატარა ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც გამუდმებით სავსე იყო ნათესავებით ან მეგობრებით.

დედა ფეხბურთის ნამდვილ ბურთს არ მაძლევდა. ბურთს ქაღალდისგან და ლენტისგან ვაკეთებდი და ასე ვთამაშობდი. ის ფიქრობდა, რომ ნამდვილი ბურთით რამეს დავამტვრევდი..

ვფიქრობ, ჩემი დარტყმის უნარი სწორედ მაშინ გაუმჯობესდა..

ტუილა არ იყო ის ქალაქი, სადაც ლამაზი და სწორი სტადიონები შეგხვდებოდა. ასე რომ მე და ჩემს მეგობრებს იმპროვიზაცია გვიწევდა და ფეხბურთს სულ სხვადასხვა ადგილებში ვთამაშობდით. ქუჩაში, ავტოსადგომზე, საავადმყოფოს ეზოში.. ასევე ვთამაშობდით უსწორმასწორო ბალახზე.. ვეჭვობ, ტუილაში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ფეხბურთი არ მითამაშია..

როდესაც 4 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაშის დროს ჩემზე გაცილებით დიდი ბავშვი დამეჯახა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფეხის ბარძაყის ძვალი მქონდა მოტეხილი. იმის გამო, რომ მე ძალიან პატარა ვიყავი, ექიმებმა ძვლის შეხორცების გზა სიმაღლის დეფიციტის დატოვების გარეშე ვერ იპოვეს. ასე რომ, მე ერთი ფეხი უფრო მოკლე უნდა მქონოდა, ვიდრე მეორე..

ფეხბურთელობა თუ გინდა, ეს იდეალური ვარიანტი არ არის..

მამაჩემმა გამოსავლის საპოვნელად ყველაფერი გააკეთა. საბოლოოდ მან იპოვა ექიმი, რომელსაც წონის თეორია ჰქონდა. მთელი დღეები საავადმყოფოში ვიწექი, ფეხები ჰაერში მქონდა აწეული და სიმძიმეები მეკიდა. ასე ძვალი სწორად ხორცდებოდა. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს ძალიან რთული იყო. დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ უნდა გამეკეთებინა.. სხვანაირად ძვალი დეფორმაციას განიცდიდა..

ყოველ შემთხვევაში ჩემი მშობლები ამ ისტორიას ასე მიყვებიან, რადგან მე ბევრი არაფერი მახსოვს.. როგორც კი გამოვჯანმრთელდი მაშინვე ფეხბურთის თამაში დავიწყე. ჩემი მარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ თაბაშირში იყო და ეზოში კოჭლობით გავდიოდი. ყავარჯენს ვეყრდნობოდი და მამა ბურთს მარცხენა ფეხთან მიგორებდა, მე კი ვურტყამდი.. როდესაც ჩემს თამაშს განიხილავდნენ, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ორივე ფეხს თანაბრად ვხმარობდი..

ყველაზე ცუდ მომენტსაც კი შეუძლია კარგი რამ გამოიწვიოს, გესმით?

მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ჩემზე ყველა დიდი გავლენა მოახდინა. ის ჩემთვის მხოლოდ მამა არ იყო - ჩვენ მეგობრები ვიყავით! დავყავდი ვარჯიშებზე, მიყურებდა, ხოლო შემდეგ სახლში ერთად ვბრუნდებოდით. როდესაც ბნელოდა, წვიმდა და ტალახი იყო ვარჯიში არ მინდოდა, მაგრამ ის მაძალებდა. ყინვაში, მანქანას ბოლომდე ათბობდა, რომ სახლის გზაზე არ გავყინულიყავი..

მისი ასეთი მიდგომის გარეშე აუცილებლად დავიკარგებოდი. იცით? ჩემი წარმატება მისი დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი..

როდესაც მამა სახლში არ იყო ჩვენზე დედა ზრუნავდა და ცდილობდა სკოლაში ვეტარებინე.. რეალურად ამას მცდელობას ვერ დავარქმევ. მან ეს ჩემპიონივით გააკეთა!

მშობლებმა ყველაფერი მომცეს. მოხარული ვიქნები, თუ მომავალში ჩემი უმცროსი ვაჟი ჩემში იმას დაინახავს, რასაც მე მამაჩემში ვხედავდი. ის იყო ჩემი კერპი და მისაბაძი მაგალითი. მაღაროში იტანჯებოდა, მაგრამ მას ყოველთვის ბედნიერ ადამიანად ვხედავდი. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მამამ მომცა იყო: „იმუშავე..“

„მხოლოდ ნიჭი არაფერს ნიშნავს, შენ ის ყოველდღე უნდა დახვეწო“ - მეუბნებოდა მამა

მე ეს არასდროს დამვიწყებია..

ჩემი პირველი გუნდი „ლანგრეო“ იყო, რომელიც სიძლიერით ასტურიაში მესამე გახლავთ. საუკეთესოები ხიხონის „სპორტინგი“ და „ოვეიდო“ გახლავთ. მამა სულ ამბობდა, რომ ჩემში რაღაც განსხვავებულს ხედავდა. არ ვიცი ამას იმიტომ ამბობდა, რომ მართლაც ასე იყო, თუ შვილის მიმართ სიყვარულის გამო..

მაშინ, როცა 16 წლის ვიყავი, მსოფლიო ფეხბურთით სიამოვნების მიღება მინდოდა. ჩემი მენტალიტეტი მაშინ შეიცვალა, როდესაც ხიხონის „სპორტინგთან“ გავაფორმე კონტრაქტი. მივხვდი, რომ გადავედი კლუბში, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს ავითარებდა. ეს ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო, რადგან მაშინ „სპორტინგი“ ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობდა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო. ისინი დილით თამაშობდნენ, ხოლო მე სკოლაში დავდიოდი და ელექტრიკოსობას ვაპირებდი.

ერთმანეთს ვერ შევუთავსებდი.. არჩევანი უნდა გამეკეთებინა..

ვიცოდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა.. მამაც იგივეს ფიქრობდა.. დედა უნდა დაგვერწმუნებინა.. იმ დროს ხელფასი არ მქონდა და დედას საერთოდ არ უნდოდა, რომ სკოლა დამეტოვებინა. რეალურად, არცერთი არ ელოდებოდა, რომ ასე ადრე ვითამაშებდი პროფესიონალურ ფეხბურთს. მე მას ვუთხარი:

„დედა, მე ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ფეხბურთით 2-3 წელი ვიცხოვრო. თუ ეს არ გამომივა, სკოლაში აუცილებლად დავბრუნდები, გპირდები..“

მადლობა ღმერთს, 6 თვის შემდეგ პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე.. „სპორტინგის“ ოფისში ჩემს წარმომადგენელთან ერთად მივედი და ის ფულზე ლაპარაკობდა, მაგრამ მე ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ ეს არ მაინტერესებდა..

სიმართლე გითხრათ, რაც არ უნდა შემოეთავაზებინათ ხელს მაინც მოვაწერდი..

მესამე დივიზიონში იყვნენ კლუბები, რომლების თამაშებზეც მხოლოდ ფეხბურთელების მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები დადიოდნენ. „სპორტინგი“ ასეთი არ იყო. მახსოვს, როდესაც ჩემი დებიუტი შედგა, სტადიონი გაივსო. 3000 ადამიანი მოვიდა. ჟურნალისტებიც კი იყვნენ..

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნამდვილად ვიგრძენი ზეწოლა, როგორც ფეხბურთელმა..

სრულიად მოუმზადებელი ვიყავი. პროფესიონალები 10 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ, ესაუბრებიან მედიას და გამუდმებით მოგზაურობენ. მე ტულადან ვიყავი და თვითმფრინავთან ახლოსაც კი არ ჩამივლია. პირველი ფრენა 18 წლის ასაკში მქონდა, როდესაც „ლას პალმასს“ სტუმრად უნდა შევხვედროდით..

„სპორტინგის“ პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ, რომელიც მეორე დივიზიონში თამაშობდა, ჩემი ოჯახი უფრო გააქტიურდა. სადებიუტო მატჩზე ყველანი იქ იყვნენ.. ნათესავებიც კი..

2003 წელს, როდესაც „სარაგოსაში“ გადავედი ყველაფერი შეიცვალა. ორი კვირის შემდეგ, ჩემს შეყვარებულზე პატრიციაზე დავქორწინდი, რომელიც სკოლაში გავიცანი. ორივე 21 წლის ვიყავით. ახლა კი ქალაქში გადავედით ხიხონიდან 5 საათის სავალზე..

დამიჯერეთ.. ეს ძალიან რთული იყო..

მშობლებისგან მოშორებით არასდროს გვიცხოვრია. ლა ლიგაში ვთამაშობდი, სადაც ყოველ კვირას მგზავრობა მიწევდა. „სარაგოსამ“ ჩემში ბევრი ფული ჩადო და ანაზღაურებაც კარგი მქონდა. ვეხმარებოდი პატრიციას მშობლებს, ჩემს მშობლებს, ნათესავებსაც კი.. ეს ბედნიერებას მანიჭებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. 2 წლით ადრე მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, ახლა კი ზიდანის, რონალდინიოს და რობერტო კარლოსის წინააღმდეგ მიწევდა თამაში..

თავიდან კარგად ვერ ვთამაშობდი და ჟურნალისტები მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა პაკო ფლორესმა ჩემი რწმენა შეინარჩუნა. ნელ-ნელა გოლების გატანა დავიწყე და სეზონის ბოლოს, 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

ჩემმა აგენტმა მითხრა: „თუ ასე გააგრძელებთ, შენ უკეთესი გუნდი წაგიყვანს და გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.“

ვერ მივხვდი რას გულისხმობდა..

ისიც კი არ ვიცოდი, რომ ჩემს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა იყო ჩაწერილი..

მე მხოლოდ ის ვიცოდი რამდენი მქონდა ანაზღაურება და რამდენი ხანი გავჩერდებოდი „სარაგოსაში“.

იცით რამდენი იყო გამოსასყიდი თანხა? 12 მილიონი ევრო.. გავოცდი..

ის არ ხუმრობდა..

ვფიქრობდი, რომ ამდენ ფულს არავინ გადაიხდიდა, ეს რეალური არ იყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ ეს „ვალენსიამ“ გააკეთა..

ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა. ყველაზე სურეალისტური მომენტი 2005 წლის თებერვალში იყო. ჯარიმის შესრულებაში ვვარჯიშობდი, რა დროსაც ჩემი თანაგუნდელები ჩემსკენ წამოვიდნენ.. მიზეზს ვერ ვხვდებოდი..

ფეხბურთელების უკან „ვალენსიას“ მედია დირექტორი მოდიოდა და ხელში წითელი მაისური ეჭირა, ისეთივე, როგორიც ბავშვობაში მქონდა..

ერთ ადგილზე გავშეშდი, გავიყინე და თავი გავაქნიე..

ეს შეუძლებელი იყო..

იმ პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა და გულშემატკივრები ჩემს ნაკრებში გამოძახებას ითხოვდნენ, მაგრამ ეს თუ მოხდებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი..

ვილა ესპანეთის ნაკრებში? ეს ბავშვობის ფანტაზია იყო..

ბავშვობაში ორი საყვარელი კლუბი მყავდა. „სპორტინგი“ და „ბარსელონა“, მაგრამ მაისური მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მქონდა..

და ახლა სავარჯიშო მოედანზე ვდგავარ და მედია დირექტორი ჩემსკენ „ფურია როხას“ მაისურით მოდის.. ეს არის დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

„გილოცავთ, თქვენ ესპანეთის ნაკრებში გამოგიძახეს“ - ეს სიტყვები დღესაც ჩამესმის..

ფოტოგრაფიც კი მოიყვანეს, რომ მაისურთან ერთად სურათი გადამეღო. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი გამიკეთებია ესპანეთის ნაკრებში თამაში იყო. ამის გაკეთება 23 წლის ასაკში შევძელი.. ამ მომენტიდან იწყებ ფიქრს, თუ რა შორს წახვედი..

„ფურია როხას“ რაული, მორიენტესი და ფერნანდო ტორესი ჰყავდა. ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად მათნაირი გავხდებოდი..

ახლა მათთან ერთად ერთ გასახდელს ვიზიარებდი..

ჩემი დებიუტი 2005 წლის 9 თებერვალს, ალმერიაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს წინააღმდეგ შედგა. მწვრთნელი ლუის არაგონესი იყო. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.. ძალიან დამეხმარა.. მშვიდად განისვენოს, ყველას სამუდამოდ გვემახსოვრება..

პირველ ვარჯიშზე მითხრა: „აქაც იგივე გააკეთე, რასაც გუნდში აკეთებ. აქ სწორედ ამიტომ მოგიყვანე.“

სან მარინოსთან სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ვლოცულობდი, რომ არაგონესს მინდორზე შევეყვანე..

იქნებ ბოლო 10 წუთში შემიშვას..

პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მითხრა, რომ გავხურებულიყავი.. სხვა არაფერი..

როდესაც ტაიმი მორჩა არაგონესმა ხელი მომკიდა და მითხრა: „შენ ახლა შედიხარ, უფრო სწრაფად გახურდი, შესვენების შემდეგ მოედანზე გახვალ.“

წარმოგიდგენიათ რა გულმოდგინედ დავიწყე გახურება?

როდესაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წავედით, ჩვენი წარსული ჩვენზე იყო დამოკიდებული. ხალხი იმაზე საუბრობდა, რომ ვერასდროს ვახერხებდით მეოთხედფინალში გასვლას.

1994 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ესპანეთმა იტალიის წინააღმდეგ ითამაშა. კარგად მახსოვს ლუის ენრიკე, რომლის მაისურიც სისხლით იყო დაფარული. მაურო ტასოტიმ ცხვირი გაუტეხა. როდესაც ეს მოხდა მაშინ ბევრი ვიტირე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ესპანეთმა წააგო, არამედ იმიტომ, რომ ლუის ენრიკე ჩემი კუმირი იყო..

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საფრანგეთს ჩვენზე დიდი გამოცდილება აღმოაჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დამარცხება ევრო 2008-ზე დაგვეხმარებოდა, მაგრამ ხალხი მაინც გვაკრიტიკებდა..

„კარგ ფეხბურთს თამაშობთ, მაგრამ ვერაფერს იგებთ“ - სულ ეს მესმოდა..

ყოველთვის ასე ხდებოდა.. გესმით?

იტალიას მეოთხედფინალში დავუპირისპირდით. რეალურად უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ საქმე მაინც პენალტების სერიამდე მივიდა. თამაშის შემდეგ გავიგე, რომ ჟურნალისტები უკვე წერდნენ, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით..

გონებაში წარმოდგენილიც კი მქონდა გაზეთების პირველი გვერდები..

ამ ყველაფერმა ჩემი პირველი თამაში გამახსენა „სპორტინგის“ მეორე გუნდში. გახსოვთ ზეწოლაზე რომ გითხარით? მოთამაშის ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იაზროვნო, რომ ასეთ ზეწოლას გაუძლო.

დარწმუნებული ვარ, ჩემს გარშემო ჩემზე გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები არსებობდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, რადგან მყარი ფსიქოლოგია და სიმკაცრე არ გააჩნდათ..

როდესაც იტალია დავამარცხეთ თავს უკვე ჩემპიონებად ვგრძნობდით. იცით რატომ? ჩვენ ეს ბარიერი დავძლიეთ. პლეი-ოფის პირველი ეტაპის ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავედით. მთლიანი ამბავი შევცვალეთ!

ამ ტურნირის მოგებამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა. უფრო მოვდუნდით, რადგან ახლა უკვე ვიცოდით რას ნიშნავდა ერთად გამარჯვება. არავისი გვეშინოდა.

იცით? მთელმა ნაკრებმა თავი პირველად იგრძნო ნამდვილ ფავორიტად..

სასაცილოა, პირველივე თამაში წავაგეთ..

რა საშინელებაა.. შვეიცარიასთან 0:1 - ბევრმა თქვა, რომ ზედმეტ პასებს ვაკეთებდით და დაცვაზე არ ვფიქრობდით. რეალურად ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რადგან 24 საგოლე მომენტი შევქმენით.. ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ უნდოდა. ემოციურად რთული იყო, მაგრამ ამან დაგვარწმუნა, რომ მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვქონდა.

როდესაც გადამწყვეტი მატჩი ჩილეს წინააღმდეგ ვითამაშეთ, კარგად მახსოვს მათი მეკარე წინ გამოვიდა, ბურთი მოიგერია და პირდაპირ ჩემს ფეხებთან მოვიდა. მარცხენა ფეხით დავარტყი და გავიტანე.


მოგვიანებით ვიდეო ვნახე და გავიფიქრე, რომ ბურთი მარჯვენა ფეხით, რომ გამეკონტროლებინა გოლის გატანის გაცილებით მეტი შანსი მექნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც გავიდა და გავიმარჯვეთ.

მაგრამ რატომ დავარტყი მარცხენა ფეხით? ვფიქრობ, ეს ინსტიქტის ბრალია..

შენ ამასთან ერთად იბადები. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ფიქრის დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, შემეძლო, რომ ბურთი დამეჭირა, კართან უფრო ახლოს მივსულიყავი და შემდეგ დამერტყა, მაგრამ არა.. მოვიქეცი ისე, როგორც მოვიქეცი..

მთავარი, რაც უნდა ისწავლო სიმშვიდის შენარჩუნებაა. თუ გაბრაზდები ბევრს გოლს ვერ გაიტან. ასე მეც მომსვლია.. ბევრი ბურთი დამიკარგავს და უამრავი მომენტი გამიფუჭებია. ასეთ დროს ჩემს თავს ვეუბნები:

„ერთი მაინც უნდა გავიდეს, ყველა ბურთი კარს არ აცდება..“

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ასრულებ, სხვა ნაკრების თამაშს აუცილებლად უყურებ, რადგან გაინტერესებს ვინ შეგხვდება. ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა. ამას თავხედურად არ ვამბობ.. უბრალოდ შინაგანი რწმენა გვქონდა და მეტოქეს მნიშვნელობა არ ჰქონდა..

უცნაური იყო.. ბოლომდე ვერ ვხვდებოდით რატომ ვიყავით ასე თავდაჯერებული.. უბრალოდ ასე ვიყავით და მორჩა..

მაშინაც კი, როდესაც ფინალის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და მე შემცვალეს, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიისთვის ემზადებოდა..

შემდეგ ანდრეს ინიესტას გოლი.. ყურებში ახლაც ჩამესმის ის ხმამაღალი ხმაური, რომელიც მაშინ გავიგე.. ეს ჭექა-ქუხილს ჰგავდა..

ანდრესის გოლი ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი მომენტია. ეს ჩემი გოლი არ იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია ჩვენს ქვეყანაში. შემდეგ ტრიბუნაზე ავედი და ჩემი ოჯახი ვნახე..

ბოლომდე ვერ გავიაზრეთ რას მივაღწიეთ, სანამ ესპანეთში არ დავბრუნდით.. სამხრეთ აფრიკაში, რა თქმა უნდა, ამდენი ესპანელი არ იყო წამოსული. როდესაც მადრიდში ჩავედით, იქ ისეთი სიტუაცია დაგვხვდა, რომ თავი ნამდვილ გმირებად ვიგრძენით. თითქოს, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ.

სიხარული ჯერ კიდევ არსებობს.. კარიერის ბოლო წლებში, ნიუ-იორკში და ვისელ კობში ხალხი მაჩერებდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეკითხებოდა..

„მადლობა თქვენს მიერ გატანილი 5 გოლისთვის“ - ეს სიტყვები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს..

„ინიესტას ჩვენგან მადლობა გადაეცით..“

ახლა 40 წლის ვარ და მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორის საშუალებით უნდა ვუყურო. მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან მწვერვალზე უდიდესი თავმდაბლობიდან მივედი.. ჩემი ქვეყნისთვის სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე. ამ ყველაფრისთვის კი მამაჩემს ვალი უნდა გადავუხადო.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იცით როდის დადგა? როცა გავიაზრე, რომ სწრაფი აღარ ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ თამაშის ხარისხს მოვუკელი, როცა გავიაზრე, რომ ჩემი დონე დაეცა, როცა გავიაზრე, რომ ფეხბურთისთვის თავი უნდა დამენებებინა..

მხოლოდ ნიჭი, უსარგებლოა..

ეს უნდა დახვეწო..

თანაც ყოველდღე..

სხვანაირად წარმატება შეუძლებელია..

მადლობა მამა.. ყველაფრისთვის..“ - მე დავიდ ვილა ვარ

გაზიარება: