ტრანსფერებისთვის - ბარსამ დეპაის გაშვება გადაწყვიტა, ბელერინიც?
„ბარსელონა“ იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. გუნდს რამდენიმე აუცილებელი ტრანსფერი სჭირდება, თუმცა საამისოდ „ბლაუგრანამ“ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაუშვას, რათა ფეარ პლეის წესებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას.
როგორც ცნობილია, „ბარსა“ ფინანსური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ტრანსფერებში ყოველი ნაშოვნი ევროს დახარჯვა შეუძლია. ამჟამად მათზე ფეარ-პლეის 1/1 წესი მოქმედებს. ზაფხულიდან კი კლუბი კვლავ 1/4 წესს დაუბრუნდება და უხეშად რომ ვთქვათ, მიღებული 4 ევროდან ტრანსფერზე მხოლოდ 1 ევროს გამოიყენებს.
აქედან გამომდინარე „ბარსელონა“ ცდილობს იანვარში საჭირო ტრანსფერები გააკეთოს. პრიორიტეტს კლუბისთვის მარჯვენა მცველის შეძენა წარმოადგენს. კლუბმა უნდა შეამციროს ხელფასები და გაყიდოს რამდენიმე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ზამთარში თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს მემფის დეპაი დატოვებს. ნიდერლანდელი კონტრაქტის გაწყვეტას და თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს, რაც უკვე კლუბსაც აწყობს, რადგან მისი გაშვებით სახელფასო ბიუჯეტი დაიზოგება.
წყაროს ცნობით, კლუბი ჰექტორ ბელერინის გაშვებასაც გეგმავს, თუ სხვა გუნდების მხრიდან დაინტერესება იქნება.
ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით, რომლის თამაშითაც კლუბი კმაყოფილია და მას ბუსკეტსის მთავარ შემცვლელად განიხილავენ.
როგორც აღინიშნა, კლუბისთვის ფეარ-პლეის 1/1 წესის გამოყენების გასაგრძელებლად, „ბარსელონა“ მზადაა გაააქტიუროს კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტი Barca Licensing and Merchandising-ის (BLM) უფლებების გაყიდვით, რომელიც პასუხისმგებელია მაისურებისა და ჭიქების გაყიდვაზე. ასევე სხვა სუვენირების.
გარდა ამისა, ბარსელონა მუშაობს ახალი სპონსორების მოზიდვაზე, ასევე ამხანაგური მატჩების მასპინძლობაზე, რაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის კლუბი ცდილობს მოლაპარაკებას „იუვენტუსთან“, რომ შობის წინა პაუზის დროს საგამოფენო ამხანაგური მატჩი ჩაატაროს.