„ინტელექტი, რეფლექსები და სისუსტეები“ - ესპანურ პრესაში მამარდაშვილი შეაქეს
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ „ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორმა „მამარდა“ შეაქო და განაცხადა, რომ იგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია.
„გიორგი მამარდაშვილს სპორტულ კარიერაში ძალიან კარგი მომენტი უდგას. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისი ცხოვრება პოზიტიურად შეიცვალა და ვალენსიას შეუძლია, მისი ტრანსფერის გამო, ბედნიერი იყოს. თუ მამარდაშვილის დონისა და მის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანალიზს მოვახდენთ, ვნახავთ, რომ ის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია.
არის ასპექტები, რომლებშიც მამარდაშვილს მოსამატებელი აქვს, მაგრამ ვალენსიასთვის უკვე სიცოცხლის დაზღვევას წარმოადგენს. იგი პოზიციის შერჩევისას და გამოსვლებზე თამაშისას ინტელექტით გამოირჩევა, საკუთარ გაბარიტებს კარგად იყენებს და მისი რეფლექსების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. მამარდაშვილმა პირველივე მომენტიდან აჩვენა, რომ ხელებში ძალა აქვს, რაც ბურთის მოგერიებაში ეხმარება, თუმცა მისი სისუსტე ფეხით თამაშია. მის მიერ გაწეულმა რისკებმა და ფეხით თამაშისას დაშვებულმა შეცდომებმა მეტოქე გუნდებს გოლის გატანის შანსები შეუქმნა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას პენალტების მოგერიებაც არ გამოსდის. ეს ესპანეთის თასის ფინალში და სხვა მატჩებშიც გამოჩნდა, თუმცა ქართველი ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა პროგრესს მიაღწიოს. ახლა არაა დრო, მამარდაშვილის გასხვისებაზე ვისაუბროთ, რადგან იგი კლუბისთვის საკვანძო აქტივი და სპორტული რეალობაა“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, Transfermarkt-მა მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება განაახლა და მისი ფასი 25 მილიონ ევრომდე ავიდა. ეს 5-ით მეტია, ვიდრე სექტემბერში დაფიქსირებული მაჩვენებელი. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გიორგი „ვალენსიაში“ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პირველ ადგილს, „ღამურების“ კაპიტანი ხოსე გაია იკავებს, რომელიც 40 მილიონი ევრო ღირს.